ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახ. მდივნის მოადგილე: რუსეთი საქართველოში მავნე გავლენისთვის მედიას იყენებს


ელიზაბეტ ალენი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ელიზაბეტ ალენი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე

საჯარო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, საქართველოში რუსეთის მავნე გავლენებსა და მის ხელისშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა. ელიზაბეტ ალენის თქმით, რუსული დეზინფორმაცია, მავნე გავლენისა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ინსტრუმენტია, სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამის გამო, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის შესაძლებლობების გასაზრდელად მუშაობას გეგმავს.

საქართველოში, ერთგვარი შემობრუნება უფრო მეტად მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ.
მაქს ბერგმანი

“რა მიდგომა აქვს შეერთებული შტატებს, [საქართველოს] რუსეთისკენ გადახრისთვის ხელის შეშლაზე“ - ეს არის კითხვა, რომელიც „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (CSIS) ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, CSIS-ში გამართულ დისკუსიაზე დაუსვა.

„როგორც ჩანს, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთი მხრივ, როდესაც მთავრობა „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებას ცდილობდა, ევროპული მომავლის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის რეალური მოზღვავება ვიხილეთ. ჩვენ ვნახეთ მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები ქუჩებში, ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, მაგრამ ასევე ვიხილეთ აშშ-ის ელჩის შევიწროება. საქართველოში, ერთგვარი შემობრუნება უფრო მეტად მოსკოვისკენაა, ვიდრე დასავლეთისკენ. ქალბატონო ალენ, როგორია თქვენი პერსპექტივა საქართველოში ახლა არსებულ ვითარებაზე და რა მიდგომა აქვს შეერთებულ შტატებს, [საქართველოს] რუსეთისკენ გადახრისთვის ხელის შეშლაზე?“ - ჰკითხა მაქს ბერგმანმა, ამერიკელ ოფიციალურ პირს.

ბერგმანის კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შეერთებული შტატები, საქართველოში რუსული გავლენების შესამცირებლად, ძალისხმევას აძლიერებს. ელიზაბეტ ალენმა, საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, პარალელი უნგრეთში მიმდინარე მოვლენებთან გაავლო. მისი თქმით, რუსეთის რეალური ზრახვების გამოსააშკარავებლად, სამოქალაქო განათლების კუთხით, მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევის დროა და სახელმწიფო დეპარტამენტი, ამ მიმართულებით, საქართველოში „ბევრს აკეთებს“.

ჩვენი მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ძლიერი პროგრამები საქართველოში ხორციელდება.
ელიზაბეტ ალენი

„ჩემი კოლეგის სიტყვებს გავიმეორებ, რომელიც არ არის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელი, მაგრამ არის საქართველოში გრანტების გაცემის და განხორციელების პროცესში, ჩვენი ერთ-ერთი ახლო პარტნიორი. საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ მან თქვა, რომ ნამდვილად არის განცდა, რომ საქართველო ზღვარზეა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, აშშ, ვაღრმავებთ ჩვენს ერთგულებას იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ საკუთარი შესაძლებლობებით, საკუთარი მდგრადობა გააძლიერონ. ჩვენი მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ძლიერი პროგრამები საქართველოში ხორციელდება.

ვფიქრობ, როცა ვხედავთ გადახრას, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რატომ ხდება ეს? ამის დიდი ნაწილი სენტიმენტებსა და სიმპათიებს უკავშირდება, რომლებიც მასმედიის საშუალებით იქმნება. ეს გვაბრუნებს იმ აზრთან, რომ რუსული დეზინფორმაცია არის უცხოური მავნე გავლენისა და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ინსტრუმენტი. ამის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის ბიურო და ჩვენი სახალხო დიპლომატიის პრაქტიკოსები, კონკრეტულად საქართველოში, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან იმას თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, [საქართველოში] დამოუკიდებელი მედიის შესაძლებლობების გასაზრდელად. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, იგივე ეხება უნგრეთსაც, სადაც ჩვენ ვხედავთ უკუსვლას, რეპრესიებს და უცხოურ მავნე გავლენებს. ეს არის დრო, როცა უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა სამოქალაქო განათლების კუთხით, რათა გაიზარდოს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიის მიმართ და გამოაშკარავდეს რუსეთის სიცრუე და მათი ნამდვილი ზრახვები. ამიტომ, ჩვენ, ამ მიმართულებით, საქართველოში საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:30 0:00

აშშ-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი, დოქტორი ჯეფრი მანკოფი ფიქრობს, რომ პრობლემა, რომელიც უნგრეთის მსგავს ქვეყნებსა და საქართველოშია, რუსულ დეზინფორმაციას სცდება. მანკოფის ანალიზით, საბოლოო ჯამში, ამ პრობლემების სათავე „სახელმწიფოს მიტაცება“ და ოლიგარქიაა.

ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, გაცილებით მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს, ერთგვარად, უკან, რუსეთის გავლენის სფეროში ექაჩებიან.
ჯეფრი მანკოფი

„განვიცდი საქართველოში არსებულ მდგომარეობას. იქ ბოლოს 2022 წელს ვიყავი, მას შემდეგ ვითარება მხოლოდ გაუარესდა. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს დეზინფორმაციის პრობლემას სცდება. როგორც იცით, ქვეყნებში, როგორიც უნგრეთია, საქმე გვაქვს ხელისუფლების დამხმარე რგოლებთან ან თავად ხელისუფლების ელემენტებთან, რომლებიც აქტიურად მიისწრაფვიან რუსეთთან თანამშრომლობისკენ. ვფიქრობ, ისინი ცდილობენ ამის პროევროპული, პროდასავლური საზოგადოებისთვის მიყიდვას, უკრაინის კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების საფუძველზე.

მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ საქმე ეხება არა ამას, არამედ სახელმწიფოს მიტაცებას, მმართველი პარტიის მთავარი სპონსორის, ოლიგარქის ბუნდოვან ფინანსურ კავშირებს რუსეთთან, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ასე რომ, არსებობს მოსაზრება, განცდა, რომ საქართველო დიდი ხანია ჩართულია პროდასავლურ და პრორუსულ ელემენტებს შორის მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში. ოპოზიციაზე ზეწოლა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჩასმა და ახლა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება, გაცილებით მეტ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს, ერთგვარად, უკან, რუსეთის გავლენის სფეროში ექაჩებიან მაშინ, როცა მსგავს დინამიკას სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ.


CSIS-ში გამართულ დისკუსიაზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, შავი ზღვის ქვეყნები, დანარჩენ სამყაროს სწორედ შავი ზღვით უკავშირდება, დღეს კი, რუსეთის გამო, რეგიონი გამოწვევების წინაშე დგას. „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ, საფრთხეს უქმნის ამ სასიცოცხლო კავშირებს“, - თქვა ელიზაბეტ ალენმა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG