ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის „მესამედ“ „მოსვლა“


ბიძინა ივანიშვილი ისევ მმართველი პარტიის "საპატიო" თავმჯდომარეა
ბიძინა ივანიშვილი ისევ მმართველი პარტიის "საპატიო" თავმჯდომარეა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში კიდევ ერთხელ „დაბრუნდა“. ეს მისი რიგით მესამე "დაბრუნებაა". საქართველოს უმდიდრესი ადამიანი პირველად პოლიტიკაში 2011 წელს შემოვიდა და "ქართული ოცნება" დააფუძნა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილი მომდევნო ერთი წლის მანძილზე, პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. თუმცა, 2013 წელს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა და გადადგა.

2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“
ბიძინა ივანიშვილი, 2023 წლის "დაბრუნების" მიზეზებზე

2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდა (ივანიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტია დაშლის წინაშე იდგა) იგი „დაბრუნდა“ და ისევ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა. 2021 წელს კი კვლავ „წავიდა“. 2021 წლის იანვარში გავრცელებულ წერილში ივანიშვილი წერდა, რომ ამჯერად პოლიტიკიდან „საბოლოოდ მიდიოდა“.

„ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები. რამდენიმე კვირაში 65 წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას“ - ვკითხულობთ ივანიშვილის 2 წლის წინანდელ წერილში.

ივანიშვილმა, რომელსაც 2024 წლის თებერვალში 68 წელი უსრულდება, ამჯერად, რიგით „მესამე“ „დაბრუნება“ იმით ახსნა, რომ „ქართული ოცნება“ ახალ სიმძიმის ცენტრს საჭიროებს. "მიმაჩნია, რომ ჩემს მიერ ამ ახალი სიმძიმის ცენტრის მისიის შესრულება დღეს დროული და აუცილებელია“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" მე-7 ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

"2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00

ივანიშვილი ამჯერად, უკვე „ქართული ოცნების“ "საპატიო თავმჯდომარის" სტატუსით დაბრუნდა, იგი აცხადებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, არ აპირებს მნიშვნელოვან საკადრო გადაადგილებებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ან პარტიის თავმჯდომარის კობახიძის შეცვლას.

მედიასთან საუბრის დროს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი "ფაქტიულად სანქცირებულია" და 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მისი აქტივების დიდი ნაწილი გაყინულია, თუმცა, "მაინც ყველაფერი საკმარისად აქვს".

„ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა. რამდენიმე კვირაში 65 წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას“
ბიძინა ივანიშვილი, 2021 წელს პოლიტიკიდან "საბოლოო წასვლის" მიზეზებზე

„მე ვარ სანქცირებული, რომ გაგიხარდეთ, ვისაც გიხარიათ. მე რეალურად სანქცირებული ვარ, დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით და უხეში გზებით. ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით. უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ.

რეალურად, სანქცირებული ვარ, ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს. დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და ნახეთ, რომ პოლიტიკაშიც დავბრუნდი“ - აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა, რომელიც პოლიტიკიდან ხშირი "გასვლა-დაბრუნების" გამო საქართველოს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა, პრაქტიკულად დაადასტურა, რომ აქტიურად ერეოდა როგორც, სახელმწიფოს და ისე „ქართული ოცნების“ მმართვაში, თუმცა, ეს ჩარევა, მისივე აზრით, ამ ეტაპზე საკმარისი აღარ არის.

„2-3 კაცთან კონსულტაციები ვეღარ იქნება საკმარისი და მიმაჩნია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება ჩემსა და გუნდს შორის, ბევრად უფრო ფართო კონსულტაციებსა და კოორდინაციას საჭიროებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

30 დეკემბრის ყრილობაზე, ივანიშვილის "საპატიო თავმჯდომარედ" დამტკიცების გარდა, მმართველმა პარტიამ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც აირჩია. განახლებულ პოლიტსაბჭოში ვეღარ მოხვდნენ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკა ტიკარაძე.

"ქართული ოცნების" განახლებული პოლიტსაბჭო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:56 0:00

საბოლოოდ, "ოცნების" ახალი პოლიტსაბჭო, რომელსაც ყრილობამ ერთხმად დაუჭირა ასე გამოიყურება: პრემიერი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კალაძე, პარლამენტის სპიკერი პაპუაშვილი, "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მდინარაძე, რეგიონალური მდივანი დ.სამხარაძე, კულტურის მინისტრი წულუკიანი, შსს მინისტრი გომელაური, აჭარის ავტონომიის მეთაური რიჟვაძე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თალაკვაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჩიქოვანი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბოჭორიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქვრივიშვილი.

2018 წლის ნოემბერი - ივანიშვილი "ოცნების" მხარდაჭერებთან ერთად, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევას ზეიმობს
2018 წლის ნოემბერი - ივანიშვილი "ოცნების" მხარდაჭერებთან ერთად, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის არჩევას ზეიმობს

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG