„საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი სტივენ ბლენკი, საქართველოში, ნიკა მელიას დაპატიმრებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმით აღებას ეხმაურება.
„ეს იყო ქართული დემოკრატიის გულში დანის ჩარტყმა. ეს ნამდვილადაა იმის ნიშანი, თუ რამდენად ცუდადაა საქმე საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, ნათელია, რომ მისი პარტია, კვლავ უარს ამბობს დაიცვას ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები. ჩვენ ვიცით, რომ მას კავშირები აქვს მოსკოვში და ასეთები სხვებიც არიან პარტიის ხელმძღვანელობაში. მათი ქმედება არის მცდელობა იმისა, რომ გაანადგურონ ქართული დემოკრატიის ნებისმიერი შანსი და შეუძლებელი გახადონ საქართველოს ნატოში გაერთიანება. ისინი შეუძლებელს ხდიან იმასაც, რომ საქართველომ მოაგვაროს თავისი პრობლემები რუსეთთან იმისთვის, რომ რუსეთმა წინსვლა განაგრძოს“, - ამბობს ბლენკი.
მკვლევარი, რომელიც წლებია, უკვე საქართველოს, რუსეთისა და რეგიონში მიმდინარე თემებზე მუშაობს, ამბობს, რომ ამ პოლიტიკურ დაპირსპირებაში ერთადერთი გამარჯვებული არსებობს და ეს მოსკოვია. „არ გამიკვირდება ეს ყველაფერი მათი ორგანიზებული რომ იყოს“, ამბობს ის.
ბლენკი თვლის, რომ სიტუაციას საქართველოსთვის ისიც ამწვავებს, რომ ამერიკას სამხრეთ კავკასიისადმი კონკრეტული, ჩამოყალიბებული პოლიტიკა არ აქვს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა ბოლო სამმა ადმინისტრაციამ, უბრალოდ, მიატოვა კავკასია. ამ წუთას არანაირი პოლიტიკა კავკასიისთვის არ არსებობს და ახლა არის მცდელობა, რომ ეს ფაქტი [ხელისუფლებამ] გამოიყენოს საკუთარი ქმედებებისთვის. ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც ამ ხალხს შეაჩერებს ქართული დემოკრატიის ძირის გამოთხრისგან“.
ბლენკი შიშობს, რომ თუ საქართველოში მოვლენები კვლავ არადემოკრატიული გზით განვითარდება, ამერიკა და ევროკავშირი ქვეყანას „ყურადღებას არ მიაქცევენ“, რომ „საქართველო, უბრალოდ, მარტო დარჩება. არ იარსებებს რაიმე გამოკვეთილი პოლიტიკა ამერიკის, ან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინ წასაწევად“.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად ბლენკს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან „ძლიერი ჩართულობის პოლიტიკა“ მიაჩნია.
"გამოსავალი იქნება ის, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეიმუშავებენ ძლიერი ჩართულობის პოლიტიკას კავკასიასთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ მოხდება [უახლოეს მომავალში]. თუ ჩვენ [ამერიკა და ევროკავშირი] ადგილზე ვართ, აქტიური და გავლენიანები ვართ, მაშინ ასეთი მოვლენები აღარ მოხდება", ამბობს ის.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაუარა, როგორც ამერიკის საელჩო, ისე სხვა გავლენიანი პოლიტიკოსები და დიპლომატები ამერიკასა და დასავლეთის სხვა ქვეყნებში. ყველა, ერთხმად, თვლის, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები, საქართველოს დემოკრატიისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი იყო.
Facebook Forum