"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელია დაკავებას და პარტიის ოფისში ჩატარებულ შტურმს ეხმაურება ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი. თავის "ფეისბუქ" გვერდზე, პარლამენტარმა დაწერა:
"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები ლიეტუვაში და რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის მქონენი საქართველოში, მაკრიტიკებდნენ, იმის შეჩერების მცდელობისთვის, რაც ახლა [საქართველოში] ხდება. როგორც ჩანს, მაინც მართალი ვიყავი", წერს პავილიონისი.
ლიეტუვის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ცოტა ხნის წინ, ოპოზიციური პარტიის ოფისზე მიტანილი შტურმი, პუტინისა და ლუკაშენკოს ხელწერას შეადარა.
"ნაციონალური მოძრაობის სათაო ოფისს შტრუმით, გაზის გამოყენებით იღებენ, როგორც ეს ადრე პუტინმა გააკეთა. ოპოზიციის ლიდერი დაკავებულია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ამბობდა, რომ სურდა მოლაპარაკებები მთავრობასთან, ივანიშვილის მეთაურები მოიქცნენ პუტინისა და ლუკაშენკოს მსგავსად. მსოფლიომ ეს უნდა დაარეგულიროს. მე გუშინ ვუთხარი ჩემი სათქმელი მსოფლიოს და დღეს მან უნდა მოახდინოს რეაგირება", ვკითხულობთ ლიეტუველი პარლამენტარის განცხადებაში.
ეს პავილიონისის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კონკრეტულად კი, ნიკა მელიას საქმის შესახებ, პირველი განცხადება არ არის.
"სანქციების საკითხი ჯერ დღის წესრიგში არ დგას, რადგან ვიმედოვნებ, მთავრობა დიალოგს დათანხმდება. ოპოზიციის ლიდერის დაკავება დემოკრატიის გზა არ არის. მელიას თუ დააპატიმრებენ, იქნება რეაგირება. ჩვენ შევაგროვებთ ყველა ინფორმაციას და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევთ...
საქართველო დემოკრატიის ლიდერია რეგიონში და მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. თქვენ ევგროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების რეალური შანსი გაქვთ ახლა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები" - თქვა 21 თებერვალს, ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს პარლამენტარმა.
ნიკა მელია ცოტა ხნის წინ, სპეცრაზმმა შტურმის შემდეგ, საკუთარი ოფისიდან გამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. სავარაუდოდ, შტურმის დროს, გამოყენებული იყო ამ დროისთვის დაუდგენელი ტიპის გაზი. რამდენიმე ადამიანი ადგილზე შეუძლოდ გახდა.
თბილისში მომხდარზე განცხადებები უკვე ვრცელდება, როგორც ამერიკის, ისე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან. ისინი გმობენ ძალადობას და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სამწუხაროს უწოდებენ.
Facebook Forum