ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, საქართველოს მთავრობის წევრებმა და პარტია "ქართული ოცნების" ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს. ისინი მადლობას უხდიან შინაგან საქმეთა მინისტრს და ქართულ პოლიციას მელიას დაკავებისა და სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის.
"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვყავს ძლიერი პოლიცია, ძალიან ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი, მინდა, საჯაროდ გომელაურს მთელი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო და მთელ პოლიციას იმისთვის, რომ მათ დაიცვეს ჩვენი სახელმწიფოს ღირსება, სტაბილურობა", - თქვა ქვეყნის ახლად დანიშნულმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის მსგავსად, ფიქრობს, ყოფილი იუსტიციის მინისტრი და მოქმედი პარლამენტარი თეა წულუკიანი. ის თვლის, რომ მთავარი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იყო.
"სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო. ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა - ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.
რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.
სწორედ ამგვარი უსამართლო "რჩევები", დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი. მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!",- ამბობს წულუკიანი.
კიდევ ერთი მადლობა მოვისმინეთ პარლამენტარ დავით მათიკაშვილისგან: "ნიკანორ მელიამ, საკუთარი ქმედებით, სახელმწიფოს დაუტოვა ერთადერთი უალტერნატივო გზა: აღესრულებინა სასამართლო განჩინება და პროცესები დაებრუნებინა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში.
შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, რისთვისაც გულწრფელი მადლობა შსს-ს მინისტრს და თვითოეულ პოლიციელს!!!!",- წერს პარლამენტარი.
მომხდარზე შეფასება გააკეთეს მამუკა მდინარაძემ და ირაკლი კობახიძემაც. მდინარაძე ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან მწვავე კრიტიკა მისთვის მოსალოდნელი იყო. თუმცა, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა გადაწყვიტოს რა არის მისთვის პრიორიტეტი და უმჯობესი.
"საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა მწვავე რეაქციას ბუნებრივია ველოდით და წარმოუდგენელია, როდესაც ხარ არჩევნის წინაშე, სახელმწიფო გექნება თუ არა და შენს სახელმწიფოს გააკრიტიკებენ თუ არა.
უნდა თქვა, რომ სახელმწიფო უნდა გქონდეს ჯერ, შემდეგ კრიტიკასაც გაუძლო და შემდეგ იმ გზაზეც უნდა ვიაროთ, რასაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. თუ სახელმწიფო არ გექნება და ნიკა მელია, ერთი თავისი განცხადებით და კანონიდან გასვლით ჩამოგიშლის ამ სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატოზე", - აცხადებს მდინარაძე.
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკას ეხმიანება ირაკლი კობახიძეც. მას ესმის რატომ შეიძლება, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულიყვნენ, თუმცა, ასევე, თვლის, რომ მელიას დაკავებით ქვეყანაში პოლარიზება შემცირდება და ამას დასავლეთიც დაინახავს.
"ჩვენთვის გასაგებია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ შიში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ პოლარიზაციასთანდაკავშირებით, რამაც პოლიტიკური სისტემა ურთიერთობების დასავლურ სტანდარტებს შეიძლება დააშოროს.
თუმცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მალე დარწმუნდებიან, რომ პოლარიზაციის შემცირებისკენ გზა სწორედ სახელმწიფოს ღირსების განუხრელ დაცვაზე, სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობის პრინციპების რეალიზებაზე გადის.
პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში.
ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი: პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს, მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ, არ რჩება პოლიტიკაში.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.
დღეს საზოგადოების რეაქციიდან ნათლად დადასტურდა, რომ ქართველი ხალხი ევროატლანტიკური ღირებულებების მხარეს დგას და მისთვის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფო და სამართლის უზენაესობაა", -ამბობს კობახიძე.
Facebook Forum