უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი 27 ივლისიდან დაიწყება. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ,ალექსანდრე კუბრაკოვის განცხადებით, რომელიც მან ტვიტერზე 25 ივლისს, ღამით გამოაქვეყნა, პირველი გემებს ჩორნომორსკის პორტი მიიღებს. მომდევნო დღეებში კი პროცესში ოდესისა და პივდენის პორტები ჩაერთვება.
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე გაეროსა და თურქეთის ჩართულობით მიღწეული შეთანხმებიდან 24 საათზე ნაკლებში, მოსკოვმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანა. თუმცა, გაეროს ინფორმაციით, ექსპორტის შეჩერების ნიშნები არ არის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესსპიკერის მოადგილემ ჟურნალისტების დასმულ კითხვაზე თქვა, რომ ამ დროისთვის გემები, შავ ზღვაში, უკრაინის სამი სხვადასხვა პორტისკენ მიემართებიან. საუბარია ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტებზე, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი დაიწყება.
ამ დროისთვის ცნობილი არ არის რომელი თურქული პორტები მიიღებს უკრაინულ მარცვლეულს. გაეროში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობას საკოორდინაციო ცენტრი აგრძელებს და ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროება ვერ მოხდება.
„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა მხარე გააკეთებს იმას, რაც სასარგებლოა პროცეისთვის. ამ პროცესის მიზანია კომერციული საკვები პროდუქტების სავაჭრო გემებით უსაფრთხო ტრანსპორტირება. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ გემებმა უსაფრთხოდ იცურონ”, თქვა ფრჰან ჰაკმა, გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ.
ჰაკის თქმით, გაეროს მიზანია დადებული შეთანხმება შესრულდეს და უკრაინიდან მარცვლეულის ექპორტი მოხდეს. მისი თქმით, გენერალური მდივნის მიერ შაბათს გაკეთებული განცხადება იყო ცალსახა, სადაც ანტონიო გუტერეშმა თქვა, რომ მხარეებმა უნდა უზრუნველყონ დადებული შეთანხმების შესრულება.
ჰააკს არ დაუკონკრეტებია დაარღვია თუ არა რუსეთმა დადებული შეთანხმება და იქონია თუ არა გავლენა საჰაერო იერიშებმა პროცესზე.
„ზარალის შესახებ ვერ ვისაუბრებ, ამაზე ინფორმაციას თავად უკრაინის ხელისუფლება ისაუბრებს“, თქვა ჰაკმა.
ოდესის პორტი მას შემდეგ დაიბომბა, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მარცვლეულის ექსპორტზე რუსეთს, უკრაინას, თურქეთსა და გაეროს შორისშეთანხმება მოხდა. რუსეთი ამბობს, რო ოდესაში მისი სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო და მომხდარს მარცვლეულის ექსპორტთან კავშირი არ აქვს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ რუსეთმა ამ ქმედებით ეჭვქვეშ დააყენა სტამბოლში ხელმოწერილი დოკუმენტი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაბომბვის დროს პორტში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. არის თუ არა ზიანი ისეთი მასშტაბის, რომ პორტიდან მარცვლეულის ექსპორტი მოხდეს ამის შესახებ ინფორმაცია კიევს არ გაუვრცელებია.
განცხადება გაკეთდა ანკარაშიც, სადაც თურეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა თქვა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმას კავშირი არ ჰქონდა შეთანხმებასთან.
ოდესის პორტის დაბომბვის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. ჩიკაგოს სავაჭრო საბჭოში ხორბლის ფასი თითქმის 4 პროცენტით გაიზარდა და 7,86 ამერიკულ დოლარს მიაღწია.