ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი აფრიკულ ტურნეს ეგვიპტეში იწყებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდელ ფატაჰ ელ-სისის და საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუქრის ქაიროში შეხვდა. კვირას გამართული შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი მხარეების განცხადებით, უკრაინის კრიზისის დასრულებისთვის საჭირო ძალისხმევა იყო. ასევე საერთო სავაჭრო შეთანხმებები, რეგიონული კონფლიქტები და ის ბირთვული ენერგოსადგურები, რომელთა მშენებლობაც რუსეთმა ეგვიპტეში დაიწყო.

ლავროვის აფრიკაში ვიზიტის პირველი ქვეყანა სწორედ ეგვიპტე იყო, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ამ ქვეყნებს ყოველ წელს საერთაშორისო ვაჭრობიდან 4-5 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი აქვთ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომისა და მანამდე პანდემიის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, შეფერხებული ტურიზმის, ხორბლის გაყიდვებისა და ენერგოექსპორტის გამო.

ლავროვმა და შუქრიმ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ ისინი საერთო საკითხების მოგვარებაზე მუშაობენ. შუქრის თქმით, უკრაინის კონფლიქტმა ეგვიპტის სურსათის უსაფრთხოებაზე, ენერგოსაჭიროებაზე და ვაჭრობაზე მოახდინა გავლენა, ისევე როგორც შექმნა ინიფლაცია და პრობლემები მომარაგების ჯაჭვში, რაც უნდ ამოგვარდეს. შუქრიმ ისიც თქვა, რომ ეგვიპრეს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების საუკეთესო გზად დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა მიაჩნია, რაც საღ აზრსა და დიალოგს დაეფუძნება. შედეგად კი სამხედრო დაპირისპირება დასრულდება და პოლიტიკური განსხვავებებიც გადაიჭრება.

პოლიტიკის სოციოლოგი, ეგვიპტელი საიდ სადეკი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ მისი აზრით, გასულ კვირას ეგვიპტის პრეზიდენტის ვიზიტი ევროპაში და ფრანგ და გერმანელ ლიდერებთან შეხვედრა ლავროვის ვიზიტამდე შესაძლოა იმის ნიშანიცაა, რომ ეგვიპტე მედიატორის როლის შესრულებას შეეცდება.

რუსეთის პირველი დიპლომატი ეგვიპტის შემდეგ ეთიოპიასაც ეწვევა, სადაც ეგვიპტური მხარე იმედოვნებს, რომ ის იმ ჰიდროელექტროსადგურის საკითხზეც ისაუბრებს, რომლის მშენებლობასაც ეთიოპია ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ქაირო კი შიშობს, რომ ეს ნილოსში წყლის რაოდენობაზე მოახდენს გავლენას.

XS
SM
MD
LG