ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ბიჭვინთის 184 ჰექტარი ტერიტორიის ჩუქებას ითხოვს


ბიჭვინთის იმ ტერიტორიაზე, რომლის სამუდამოდ გადაცემასაც მოსკოვი დაჟინებით ითხოვს, ყოფილი, საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები მდებარეობს
ბიჭვინთის იმ ტერიტორიაზე, რომლის სამუდამოდ გადაცემასაც მოსკოვი დაჟინებით ითხოვს, ყოფილი, საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები მდებარეობს

რუსეთი აგრძელებს მიზანმიმართულ ზეწოლას აფხაზებზე, რათა სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში, შავ ზღვაზე, ბიჭვინთის ულამაზესი ყურის მიმდებარედ, 184 ჰექტარი მიწა. ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორია, რომლის უმეტესი ნაწილი რელიქტურ და ენდემურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია.

ამ ტერიტორიას, საბჭოთა კავშირის დაშლისა და თბილისის მიერ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ისედაც, რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ბიჭვინთა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:03 0:00

ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარი, რომელიც ლიძავას გზატკეცილზე მდებარეობს, ბეტონის კედლებით და მავრთულხლართებით არის შემოსაზღვრული, ყველგან დგას ვიდეოსათვალთვლალო სისტემები, რომლებსაც რუსი ოკუპანტები, ენგურის ხიდზე და ცხინვალის რეგიონშიც იყენებენ.

ბიჭვინთის 184 ჰექტარი რუს ოკუპანტებს ასე აქვთ ჩაკეტილი, ფოტო აფხაზური ტვ
ბიჭვინთის 184 ჰექტარი რუს ოკუპანტებს ასე აქვთ ჩაკეტილი, ფოტო აფხაზური ტვ

აფხაზები უკვე ათწლეულებია აქ ცხვირს ვერ ყოფენ, მათთვის აკრძალულია სანაპიროზე შესვლა და ბანაობაც. რუსეთი სეპარატისტებისგან, ამ ტერიტორიაზე მდებარე, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკისა და დამხმარე ნაგებობების სამუდამო დაკანონებას ითხოვს.

სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია ამ მოთხოვნას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურვილს უკავშირებს, ხშირად დაისვენოს ოკუპირებულ აფხაზეთში.

პუტინი რამდენჯერმე არის ბიჭვინთის ამ აგარაკებზე ნამყოფი, რუსეთის ხელისუფლების სურვილია აქ ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იმისთვის, რომ ეს დასვენება იყოს ხარისხიანი, აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მდებარე აგარაკების და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რემონტი და მოსკოვისთვის სამუდამოდ გადაცემა
ასლან ბჟანია, აფხაზი სეპარატისტების ლიდერი

„იცით, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რამდენჯერმე არის ბიჭვინთის ამ აგარაკებზე ნამყოფი. რუსეთის ხელისუფლების სურვილია აქ ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იმისთვის, რომ ეს დასვენება იყოს ხარისხიანი აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მდებარე აგარაკების და დამხმარე ნაგებობების სრული განახლება და კაპიტალური რემონტი“ - ასე შეეცადა აღშფოთებული ბიჭვინთელების დამშვიდებას ასლან ბჟანია.

მისი თქმით, „ეს ნაგებობები, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და უკვე ძალიან მოძველებულია. სწორედ ამიტომ ითხოვს რუსეთი ამ ნაგებობების გადაცემას არა არენდით, არამედ საკუთრებაში, რათა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მოხდეს ამ სამუშაოების დაფინანსება. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთს გადაეცემა მხოლოდ ნაგებობები და არა მიწა, რომელზეც ეს აგარაკები მდებარეობს. მიწა გადაეცემათ 49 წლიანი არენდით“ - აცხადებს ბჟანია.

ბიჭვინთის 184 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, №8, 9 და 10 მდებარეობს, ასევე დამხმარე ნაგებობები მათ შორის აუზები, რესტორნები, მიწისქვეშა კომპლექსიც, რომელთაც ლიფტი აკავშირებს.

ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები, მათ შორის ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკი, რომელთა სამუდამო გადაცემასაც კრემლი მოითხოვს, ფოტო TASS
ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები, მათ შორის ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკი, რომელთა სამუდამო გადაცემასაც კრემლი მოითხოვს, ფოტო TASS

ბიჭვინთის კონცხზე ამ ტერიტორიის განვითარება და აქ სახელმწიფო აგარაკების აშენება, საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელს უკავშირდება. მშენებლობის გადაწყვეტილება ხრუშჩოვმა 1959 წლის იანვარში მიიღო.

მთლიანად, კურორტ ბიჭვინთის განვითარების ფარგლებში, სახელმწიფო აგარაკების მშენებლობა 1962 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა რამდენიმე წელი გაიწელა. ბიჭვინთა ხრუშჩოვის საყვარელ ადგილად იქცა, სადაც ის ქართველ და აფხაზ კომუნისტებსაც მასპინძლობდა. 1964 წელს, როცა ბრეჟნევმა ხრუშჩოვი ხელისუფლებას ხავერდოვნად ჩამოაშორა, ეს უკანასკნელი სწორედ ბიჭვინთაში ისვენებდა.

საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი, ვასილ მჟავანაძესთან და სხვა კომუნისტებთან ერთად, მშენებარე ბიჭვინთაში, 1963 წელი, ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკა
საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი, ვასილ მჟავანაძესთან და სხვა კომუნისტებთან ერთად, მშენებარე ბიჭვინთაში, 1963 წელი, ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკა

ყველაზე მაღალი რანგის სტუმარს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკმა 1974 წელს უმასპინძლა, მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა აქ მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ.

2017 წელს კი სოჭიდან ოკუპირებულ ბიჭვინთაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩაფრინდა და ხრუშჩოვის ყოფილ აგარაკზე, სეპარატისტების მაშინდელ ლიდერს რაულ ჰაჯიმბას შეხვდა. 2020 წლის იანვარში, როცა სეპარატისტებმა ჰაჯიმბა სოხუმიდან გააძევეს, მას ბიჭვინთაში, "რუსების ტერიტორიის მიმდებარედ", ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა აგარაკი აღნაგობის უფლებით გადაეცა.

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ ბიჭვინთაში, 2017 წელი
რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ ბიჭვინთაში, 2017 წელი

იქვეა, მიუსერაში, ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გობრაჩოვის სახელმწიფო აგარაკიც, რომლითაც ოკუპაციის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების ლიდერები სარგებლობენ და "აფხაზთა პრეზიდენტის რეზიდენცია" დაარქვეს. ასლან ბჟანია ამბობს, რომ ბიჭვინთის 184 ჰექტარის გადაცემის შემთხვევაში, რუსები "მათ" აგარაკებსაც გაარემონტებენ.

„რა თქმა უნდა, ეს არის მოგუდვის პოლიტიკის გაგრძელება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსებს უნდა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორია და არა ხალხი"
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი

„რა თქმა უნდა, ეს არის მოგუდვის პოლიტიკის გაგრძელება“ - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსებს უნდა მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორია და არა ხალხი. აფხაზების უკმაყოფილება იზრდება, თუმცა, მეორეს მხრივ, ისინიც კარგად აცნობიერებენ, რომ ფინანსურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად რუსეთზე ძლიერ დამოკიდებულები არიან.“

ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას, ყველაზე მეტად, ჯერჯერობით, თავად ბიჭვინთელები აპროტესტებენ. 1670 ადამიანმა მოაწერა ხელი საპროტესტი წერილს ასლან ბჟანიას სახელზე, სადაც საუბარია, რომ დაუშვებელია 184 ჰექტარის გადაცემა მაშინ, როცა ამ ტერიტორიაში ექცევა 60 ბიჭვინთელის საკუთრება, მათგან ორი ე.წ "სასამართლოში" დავობს.

აფხაზებს ბიჭვინთის ამ ნაწილში გადაადგილება, რომელსაც რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს, სპეცსაშვებით უწევთ. ფოტო ჩეგემის პრავდა
აფხაზებს ბიჭვინთის ამ ნაწილში გადაადგილება, რომელსაც რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს, სპეცსაშვებით უწევთ. ფოტო ჩეგემის პრავდა

ბიჭვინთელები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური მათ აიძულებს, ტერიტორიის მიმდებარედ მხოლოდ სპეცსაშვებით, პასპოტებით და წინასწარი შეთანხმებით გადაადგილდნენ,

პრობლემები ექმნებათ სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებს, რომლებსაც რუსები ასევე არ ატარებენ. ადგილობრივების აზრით, ეს მათი უფლებების უხეში ხელყოფაა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ცნობილი აფხაზი სეპარატისტი სერგეი შამბა:

ბიჭვინთაში ასეთი ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები დაისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი, ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან"
სერგეი შამბა, სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი

„ბიჭვინთაში ასეთი ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები ისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი, ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან. არა მგონია, ისეთი გიჟები მოიძებნონ, ვინც მზად იქნება, ჰაერში აწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს“ - აცხადებს შამბა.

სეპარატისტული აფხაზეთის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ბიჭვინთის 184 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემას „ეროვნული ღალატი“ და დაუშვებელი უწოდა. ე.წ „აფხაზთა კრებას“ ეს საკითხი 19 ივლისს უნდა განეხილა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, რომლებმაც ამ ე.წ „ხელშეკრულების“ ექსპერტიზა მოითხოვეს, განხილვა გადაიდო.

ბიჭვინთის ულამაზეს კონცხს, რუსებმა უკვე მოაკლეს 45 ჰექტარი. ეს ტერიტორია, რომელიც ინკითისა და გველების ტბების სიახლოვეს მდებარეობს, მოსკოვის ზეწოლით, რუსეთის კრასნოდარის მხარის ექს-გუბერნატროს ალექსანდრე ტკაჩოვს, ანკლავში, სასტუმრო კომპლექსის „მოსკოვი რიზორტის“ ასაშენებლად, 2021 წლის ბოლოს გადაეცა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრისა და საერთაშორისო სანქციების შემდეგ, პროექტი გაუკვეველი ვადით შეჩერდა.

ოკუპირებული ბიჭვინთის კონცხი
ოკუპირებული ბიჭვინთის კონცხი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG