ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან თურქულ კაპიტალს დევნის


თურქეთის თევზმჭერი გემი ბიჭვინთის სანაპიროსთან
თურქეთის თევზმჭერი გემი ბიჭვინთის სანაპიროსთან

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა, დღეს ოფიციალურად უნდა შეუერთდეს, რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებული ეკონომიკურ და პოლიტიკურ სანქციებს. მოსკოვსა და სოხუმს შორის ეს შეთანხმება ჯერ კიდევ გასული წლის 29 დეკემბერს შედგა, როცა სოხუმს ერთდღიანი ვიზიტით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ეწვია და აიძულა აფხაზური პოლიტიკური ელიტა ასეთ დათმობაზე წასულიყო.

აფხაზების ეს იძულება მოსკოვს 8 მილიარდი რუსული რუბლი უჯდება, ანუ დაახლოებით - 110 მილიონი აშშ დოლარი. სწორედ ამდენ თანხას გამოუყოფს 2016 წელს, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას. სულ აფხაზეთის ბიუჯეტი - 13,5 მილიარდ რუბლს შეადგენს - დაახლოებით, 182 მილიონ აშშ დოლარს.

თურქეთი როგორც ცნობილია აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს. ამასთან, ცდილობს აქ ეკონომიკურთან ერთად, რაღაც პოლიტიკური ამოცანებიც გადაჭრას. თურქეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები, აფხაზეთს რატომღაც საკუთარი გავლენის სფეროებს აკუთნებენ.
ვლადისლავ სურკოვი

პარალელურად, რუსეთის დუმამ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საპენსიო ასაკის 32 ათასს რუსეთის მოქალაქეს 2016 წლის 1 იანვრიდან, პენსია 600 რუბლით (20 ლარით), 6862 რუბლამდე გაუზარდა. ეს, დაახლოებით - 228 ლარია.

სოხუმს ასევე დაპირდნენ, რომ მთლიანად შეისყიდიან აფხაზურ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, განსაკუთრებით, ციტრუსის მოსავალს. თურქეთთან ექსპორტ-იმპორტის ჩანაცვლებისა და რუსეთთან ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, ოკუპირებული ყირიმიდან სოხუმის პორტში ივლის, რუსული ბორანი „ვარიაგი“, რომელიც მანამდე რეგულარულად თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვმა აფხაზებს ღიად უთხრა, რომ რუსეთის მეგობარი, პარალელურად თურქეთის მეგობარი ვეღარ იქნება:

„თურქეთი როგორც ცნობილია აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს. ამასთან, ცდილობს აქ ეკონომიკურთან ერთად, რაღაც პოლიტიკური ამოცანებიც გადაჭრას. თურქეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები, აფხაზეთს რატომღაც საკუთარი გავლენის სფეროებს აკუთნებენ. მე შემიძლია ვთქვა, რომ თურქული კომპანიები აქ ვეღარ ააშენებენ ობიექტებს რუსეთის ფულით, ეს მე მგონი ცხადზე ცხადია, სხვა თემებზე: თევზჭერა, ბუნებრივი რესურსები, ჩვენ, თითოეულზე ცალკე ვისაუბრებთ.“

ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო

ბოლო წლებში, თურქეთი, რუსეთის შემდეგ, სეპარატისტული ანკლავის მეორე ეკონომიკური პარტნიორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, კრძალავს ნებისმიერ ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვაჭრობა ანკარასა და სოხუმს შორის სხვადასხვა მონაცემებით, 300 მილიონ დოლარს აღწევდა, არაოფიციალურად კი ორჯერ მეტი იყო.

ოკუპირებულ აფხაზეთში მსხვილი თურქული ინვესტიციების უკან, ძირითადად, მე-19 საუკუნეში კავკასიის ომის დროს, თურქეთში გადასახლებული მუჰაჯირების შთამომავლები დგანან. რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის უკიდურესი გართულების შემდეგ, სტამბოლში, „აფხაზთა კულტურული ცენტრების ფედერაციის - Abhazfederasyonu“ დელეგაცია ჯერ თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს, დეკემბრის ბოლოს კი სოხუმში, აფხაზთა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

მოლაპარაკების ძირითადი თემა: რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი, აფხაზეთში თურქული ინვესტიციები და თურქეთში მცხოვრები აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლებისთვის, ე.წ აფხაზეთის საზღვარგარეთის პასპორტების გაცემა იყო. ამ დოკუმენტს მართალია არ აღიარებს, მაგრამ არც კრძალავს თურქეთი. და, რაც მთავრია, ოფიციალურად აღიარებს რუსეთის ხელისუფლება. ეს კი, გამკაცრებული სავიზო რეჟიმის პირობებში, თურქეთის აფხაზობას სოხუმში ჩასვლას გაუადვილებს.

თურქეთში აფხაზთა კულტურული ცენტრების ფედერაციის პრეზიდენტმა აჰმედ ჰაპატმა სოხუმში ყოფნისას კერძოდ ბრძანა, ანკარასა და მოსკოვის კონფლიქტი აფხაზეთისთვის სერიოზული პრობლემაა.

გალი, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო
გალი, ოკუპირებული აფხაზეთი, საქართველო

„თურქეთის აფხაზური დიასპორა ყოველთვის დგას საკუთარი ხალხისა და საკუთარი ისტორიული სამშობლოს გვერდით, და იცავს მის ინტერესებს. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს თურქეთის ხელისუფლებასთან. ძალიან შეშფოთებულები ვართ რუსეთ-თურქეთის ამჟამიმდელი ურთიერთობით, რის შესახებაც ვაცნობეთ, როგორც თურქეთის მთავრობას, ისე რუსეთის ელჩს თურქეთში. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.“

ჯერჯერობით, ყველაზე დიდი პრობლემა აფხაზურ თევზის ბიზნესში თურქულ ინვესტიციებს შეექმნა. ოკუპირებულ აფხაზეთში თევზჭერის ლიცენზიას ხუთი თურქული კომპანია ფლობდა: „ამლაგური“, „კილ კარდეჰლერი“, „თურქიშ ინვესტი“, „კონსული“ და ტრაბზონში, მუჰაჯირების შთამომავალი კობიების ოჯახის - Kobyalar Group-ში, შემავალი კომპანია „ხამსა“. Kobyalar Group-ი, კომპანია „აისბერგ 2“-ის მეშვეობით, თევზჭერის ლიცენზიას ფოთშიც ფლობს.

ეს კომპანიები საქართველოს საზღვაო აკვატორიის ოკუპირებულ მონაკვეთზე, წლების მანძილზე, უკანონოდ იჭერდნენ ათასობით ტონა ქაფშიას, (2015 წელს 54 000 ტონა ქაფშია და 100 ტონა სტავრიდა იქნა დაჭერილი - ზ.წ) შემდეგ, ოჩამჩირეში განლაგებულ ქარხნებში, თევზის ფქვილსა და ქონს აწარმოებდნენ და თურქეთში გაჰქონდათ.

მოსკოვის პირდაპირი ზეწოლის შემდეგ შესაძლოა თურქეთის თევზმჭერ გემებს აფხაზეთის დატოვება მოუხდეთ. 10 იანვრიდან, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზის უკანონო რეწვისას თურქეთის ჩანაცვლებას, მოსკოვში, ოკუპირებული ყირიმის მეთევზეებით ფიქრობენ.

თუმცა, ვინაიდან, შავ ზღვაში რუსეთის თევზმჭერი ფლოტი, აბსოლუტურად მოუმზადებელია სრულფასოვნად შეცვალოს თურქი მეთევზეები სოხუმში ცდილობენ სანქციები ქაფშიის სეზონის დასრულების შემდეგ ამოქმედდეს, წინააღმდეგ შემხთვევაში, 2016 წელს, ოკუპირებულ ანკლავში ქაფშიის სეზონის ჩავარდნას და მნიშვნელოვან ზარალს ელიან.

XS
SM
MD
LG