რუსეთის უმსხვილესმა ტურისტულმა კომპანია „ბიბლიო გლობუსმა“, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - აფხაზეთში, კოტეჯური ტიპის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ტამიშში, 12,5 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ზღვის სანაპიროსაც მოიცავს, მრავალფუნქციურ სივრცეში, 150 თანამედროვე ტიპის კოტეჯი შენდება.
ჯამური ინვესტიცია კი 350 მილიონი რუსული რუბლი, დაახლოებით, 4,7 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობას ასევე რუსული კომპანია „მოდულ-ა“ აწარმოებს.
ტამიში აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ასლან ბჟანიას მშობლიური სოფელია. აფხაზური წყაროების ცნობით, მიწა, რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს, “25 წლიანი არენდით”, ანკლავში „რეგისტრირებულ“ შპს „ოქროს სარწმისი 2020“-ს გადაეცა, რომლის უკან ბჟანიას ოჯახი და გარემოცვა დგას.
უკანონო მშენებლობაში ბჟანიას პარტნიორი „ბიბლიო გლობუსის“ მეპატრონე, მულტიმილიონერი ალექსანდრ ტუგოლუკოვია. ბჟანიაც და ტუგოლუკოვიც გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) უმაღლეს სკოლაში სწავლობდნენ. ტუგოლუკოვმა, რომელიც კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია, ანალოგიური ტურისტული ობიექტი - Olenevka Village, 2019 წელს, ოკუპირებულ ყირიმში გახსნა.
იანვრის მეორე ნახევარში, ბჟანიამ და ტუგოლუკოვმა ოკუპირებულ სოფელ ტამიშში, მასშტაბურ მშენებლობას თავად ჩაუყარეს საფუძველი.
„ამერიკის ხმამ“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ჰკითხა, აქვს თუ არა ოფიციალურ თბილისის რეალური ბერკეტები, რეაგირება მოახდინოს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის უხეშ დარღვევაზე?
თუ ეს რუსული კომპანია, რომელმაც სოფელ ტამიშში, უკანონოდ, ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაიწყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც მუშაობს, ცალსახაა, რომ მას უნდა აეკრძალოს აქ მუშაობაპაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
„თუ ეს რუსული კომპანია, რომელმაც სოფელ ტამიშში, უკანონოდ, ტურისტული ობიექტის მშენებლობა დაიწყო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც მუშაობს, ცალსახაა, რომ მას უნდა აეკრძალოს აქ საქმიანობა და დაუწესდეს სანქციები.
ჩვენი კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, შესაბამისად „ბიბლიო გლობუსმა“ შეგნებულად დაარღვია ეს კანონი, შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ ამ შეზღუდვის შესახებ“ - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსული ტურისტული კომპანია „ბიბლიო გლობუსი“ არა მხოლოდ მუშაობს საქართველოს ბაზარზე, როგორც „ამერიკის ხმამ“ გაარკვია, ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, ანუ 2019 წლის ჩათვლით, რუსეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის დაახლოებით, 50% სწორედ „ბიბლიო გლობუსზე“ მოდიოდა.
პამდემიის დაწყებამდე, „ბიბლიო გლობუსი“ არაერთ ქართულ ტურისტულ კომპანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ერთ-ერთი Voyage Tours Georgia იყო, ამ კომპანიის წარმოადგენელს მარიამ როჭიკაშვილს ვკითხეთ, ხომ არ იმოქმედებს მათ თანამშრომლობაზე „ბიბლიო გლობუსის“ შესვლა ოკუპირებულ აფხაზეთში?
მხოლოდ ჩვენ არ ვართ საქართველოში „ბიბლიო გლობუსის“ პარტნიორები, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია თანამშრომლობს მათთან. დაველოდებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“მარიამ როჭიკაშვილი, Voyage Tours Georgia
„მე არ ვიცოდი ამის შესახებ, რომ "ბიბლიო გლობუსი" აფხაზეთში შევიდა. პანდემიამდე ის იყო ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი. როცა ვთანამშრომლობდით მათ არ ჰქონდათ ე.წ „აფხაზეთის მიმართულება“. ნამდვილად გამიჭირდება ახლა კომენტარის გაკეთება, ერთის მხრივ, საქმე ეხება აფხაზეთს, მეორეს მხრივ, ბიზნესს, რომელიც არაერთ სამუშაო ადგილს ქმნის და პანდემიის გამო ისედაც რთულ სიტუაციაში.
ამასთან მხოლოდ ჩვენ არ ვართ საქართველოში „ბიბლიო გლობუსის“ პარტნიორები, ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია თანამშრომლობს მათთან. დაველოდებით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ,“ - გვითხრა მარიამ როჭიკაშვილმა.
„ამერიკის ხმის“ მცდელობა ამ თემაზე სახელმწიფო უწყებებიდან კომენტარი მიგვეღო უშედეგო აღმოჩნდა. „ბიბლიო გლობუსმა“ კი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ტურების გაყიდვა უკვე დაიწყო. სხვადასხვა პაკეტების ფასი 200 ლარიდან იწყება და 1500 ლარამდე აღწევს.
თებერვლის დასაწყისში სეპარატისტების წარმომადგენელი თემურ ხიშბა, რომელიც ანკლავში ტურიზმს კურირებს, მოსკოვში, რუსეთის ფედერალურ სააგენტო "როსტურიზმის" ხელმძღვანელს ზარინა დოგუზოვას შეხვდა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალშია დაბადებული.
„როსტურიზმმა“ ანკლავთან მემორანდუმი გააფორმა, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „აფხაზეთი რუსი ტურისტების ნებისმიერი ნაკადის მისაღებად მზად არის და 7 თვეში, სოფელ ტამიშში მშენებარე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსიც გაიხსნება“. 2021 წელს ოკუპირებულ ანკლავში 1 მილიონზე მეტი რუსი ტურისტის მიღებას მოელიან.
Facebook Forum