ნაბაკევი-ხურჩას საზღვარზე, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან 10 დღის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, „არაღიარებულ ქვეყნებს” შორის, ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ამ ეგზოტიკურ ფორუმში, რომელსაც CONIFA (Confederation of Independent Football Associations) ატარებს და FIFA (International Federation of Association Football) არ აღიარებს, უცხოეთის 20-მდე ქვეყნის 600-მდე მოქალაქეა ჩართული.
ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან: შვეიცარიისა და გერმანიის (რეცია), რუმინეთისა და უნგრეთის (სეკეის მხარე, ბოშები), ინდოეთისა და პაკისტანის (პენჯაბი), დიდი ბრიტანეთისა და მავრიკის (ჩაგოსის კუნძულები), იტალიის (პადანია), შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის (ლაპლანდია), სომალის (სოლალილენდი), ერაყის (ქურთისტანი), სამხრეთ კორეის, იაპონიის, სომხეთის, თურქეთისა (ჩრდილოეთ კვიპროსი) და რუსეთის მოქალაქეები: ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და ფანები.
CONIFA-მ, რომლის პრეზიდენტი შვედეთის მოქალაქე, ეთნიკური საამი, პერ ანდერს ბლინდია, ხოლო ვიცე პრეზიდენტი - აფხაზი დიმიტრი ფაღავა, ტურნირისთვის მსაჯები, რუსეთის მიერ ოკუპირებული - უკრაინის, დონეცკის ოლქიდან მოიწვია.
საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, CONIFA-ს ჩემპიონატის გამართვა პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ უბრალოდ არ მუშაობს.
„ეს კანონი, მთლიანობაში ეფექტურად იმუშავებდა იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგი მის აღსრულებაზე. მაგრამ, რადგან ეს მონიტორინგი არ არსებობს, მხოლოდ საქართველოს მხრიდან, ამ კანონის მოქმედება ვერანაირად ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
საქართველოში არ არის ძლიერი ნება, რომ სიხისტით მიუდგნენ ოკუპაციის საკითხსკახა გოგოლაშვილი, GFSIS
მეორე პრობლემაა, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოში არ არის იმდენად ძლიერი ნება, რომ ხისტი პოზიციით მიუდგნენ ამ საკითხს, მაგალითად, ისე, როგორ სიხისტესაც იჩენს, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი - ყარაბაღის საკითხში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ეს კანონი მიღებულია უფრო გარეგანი ფორმის დასაცავად, ვიდრე რეალური ეფექტის მისაღებად.“
საქართველოს პარლამენტმა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე მიიღო.
კანონის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესვლა მხოლოდ ზუგდიდის მხრიდან შეუძლია. თუ, პირი ოკუპაციის ზონაში, სხვა ადგილიდან მოხვდა, მაშინ, ადმინისტრაციული ჯარიმა ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ელის, ვადით - 2-დან 4 წლამდე. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი უკვე 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2009-2015 წლებში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ჯამში, 350 უცხოეთის მოქალაქე იქნა დაკავებული.
ყველაზე მეტი - 88 დამრღვევი - 2009 წელს იქნა გამოვლენილი; ყველაზე ცოტა - 17 კი 2015 წელს. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა საპატიმროში, უმრავლესობას კი 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. 2016 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მხოლოდ 4 შემთხვევაა გამოვლენილი.
ეს მაშინ, როცა 2015 წელს, ოკუპირებული აფხაზეთი, 500 ათასიდან მილიონამდე ტურისტმა მოინახულა, წელს, კი ამ მაჩვენებლის კიდევ 30 პროცენტით გაზრდას ელიან.
ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამ სტატისტიკის შემცირების ტენდენცია ოკუპაციის კანონის შერბილების კამპანიამ და უამრავი გამონაკლისის დაშვებამ განაპირობა, როცა კანონის დამრღვევები, საქართველოს სხვა ტერიტორიებზე უპრობლემოდ შემუშვეს. კახა გოგოლაშვილი ამ მდგომარეობას უაღრესად სახიფათოს უწოდებს
„ასეთი გამონაკლისებით დაიწყო ყველაფერი, როცა იგივე რუსი ექსპერტები, პოლიტიკოსები, ევროპელი ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ, რომლებიც შედიოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით და მათ მიმართ, გამონაკლისი მაინც გაკეთდა. ამან ყველაფერმა, თავისთავად გამოიწვია კანონის „ეროზია“, ძალიან ბევრი გამონაკლისი როცა კეთდება, ეს კანონს უბრალოდ აკნინებს.
ამასთან, აშკარაა რომ ჩვენი მთავრობა ბოლო წლებია ამ მიმართულებით იჩენს გარკვეულ სირბილეს, რაც თავისთავად სახიფათოა, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენი ტიტულები აფხაზეთის ფლობისა ფერმკრთალდება, იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იქ ეფექტურ მმართველობას ახორციელებს ოკუპანტი ძალები, ტარდება დიდი ტურნირები, შედიან და გამოდიან ტურისტები, მიდის ვაჭრობა..
დიდი ხნის განმავლობაში, რომელი ხელისუფლებაც ახორციელებს მოცემულ ტერიტორიაზე ეფექტურ მმართველობას, მას უკანონდება ეს ტერიტორია
საერთაშორისო სამართლით კი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რომელი ხელისუფლებაც ახორციელებს მოცემულ ტერიტორიაზე ეფექტურ მმართველობას, მიუხედავად ოკუპაციისა, მიტაცებისა, საბოლოო ჯამში, სწორედ მას უკანონდება ეს ტერიტორია. ამიტომ, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა.“
საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი, სამწუხარო გამონაკლისის დაშვება ივლისის დასაწყისში, თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწევს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც უნდა დაესწროს. იმ ქვეყნის დელეგაცია, რომელიც დღემდე კატეგორიულად მოითხოვს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას.
ეუთოში რუსული დელეგაციის წევრების უმრავლეობას არაერთხელ აქვთ დარღვეული, ოკუპაციის კანონი და ყველა წესით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაარწმუნა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ისე მოსკოვი, რომ რუს დეპუტატებს თბილისში პრობლემებს არ შეუქმნიან.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის სტატისტიკა 2009-2015
2009 – 88
2010 – 83
2011 – 55
2012 – 26
2013 – 45
2014 – 36
2015 – 17
2016 - 4 (იანვარი-აპრილი)