ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მალერის გუნდმა ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსანი დაკითხა


შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩინოსანია, ვინც საგანგებო გამომძიებლის რობერტ მალერის ჯგუფმა დაკითხა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით.

გაზეთი „ ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყება, რომ სეშენსის დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მას ეკითხებოდნენ არჩევნებში რუსეთის ჩარევის, ტრამპის გუნდის რუსეთთან შესაძლო თანამშრომლობის და ტრამპის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.

თეთრი სახლის სპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი აცხადებს, რომ თეთრი სახლი მალერის გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა სანდერსი არ პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, წარსდგება თუ არა გამოძიების წინაშე თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ტრამპმა გამოძიებას არაერთხელ უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“, რუსეთთან თანამშრომლობა კი უარყო.

მალერის გუნდი არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან ერთად იმასაც იძიებს, გადაამეტა თუ არა თავის უფლებამოსილებას პრეზიდენტმა ტრამპმა ამ გამოძიების მსვლელობისას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG