შეერთებული შტატების დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედება, რომელიც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებს სცდება. კანონმდებლები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის წინ არ აღუდგა რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.
„ასეთი რამ დღემდე არასდროს მომხდარა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ასე აშკარად მოეხდინა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ამდენად მძიმე და მზარდი საფრთხის უგულებელყოფა“ - თქვა დღეს გავლენიანმა სენატორმა ბენ კარდინმა. მერილენდის შტატის დემოკრატი კანონმდებელი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. კარდინი შიშობს, რომ თუ საჭირო რეაგირება არ მოხდა, რუსეთი ამერიკის არჩევნებში წელს, ნოემბერშიც ჩაერევა და უკან არც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიხევს.
დღეს, რუსეთის შესახებ, სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის დემოკრატი წევრების მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა. ის კრემლს ამერიკის და სხვა ქვეყნების დემოკრატიაზე გრძელვადიანი ეფექტის მქონე თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ანგარიში თავდასხმის წინააღმდეგ მრავალმხრივი სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის ლიდერობით უნდა დაიწყოს.
„პუტინის რეჟიმმა უცხოეთზე ზეწოლის მოსახდენად, მძლავრი ინსტრუმენტების მთელი კომპლექტი შექმნა... როგორც ჩანს, ის თითქმის არაფერზე დაიხევს უკან, რომ მოარყიოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ტრანს-ატლანტიკური ალიანსები“ - ნათქვამია ანგარიშში. მას საფუძვლად უდევს თვეების მანძილზე მიმდინარე გამოძიება და უცხოეთის იმ ქვეყნებთან გავლილი კონსულტაციები, რომელთა მთავრობებიც კრემლის სამიზნე გახდა. 206 გვერდიან ანგარიშში დოკუმენტურად არის აღწერილი რუსეთის მიერ საკუთარ საზღვრებს მიღმა გამოყენებული ზომების მთელი სპექტრი.
პუტინის „ასიმეტრიული არსენალი“ მოიცავს როგორც „სამხედრო შეიარაღებით მოწყობილი თავდასხმების და გამიზნული მკვლელობების ლეტალურ ნაზავს“, ასევე „დეზინფორმაციის კამპანიებს და კიბერ-იერიშებს“. კრემლის სამიზნეებს შორის, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ასახელებს უკრაინას და მონტენეგროს, სადაც გადატრიალება იგეგმებოდა; ასევე, დეზინფორმაციით და კიბერ-იერიშებით თავდასხმა მოხდა გერმანიაზე, საფრანგეთზე, ბრიტანეთზე და სხვა ქვეყნებზე.
ანგარიში ასევე შეიცავს რუსეთში იმ ადამიანების მიმართ განხორციელებული რეპრესიების და ძალადობის დეტალებს, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარ კრიტიკოსებად და მტრებად თვლის. რუსეთის ლიდერმა „ძალაუფლება მოიპოვა და განამტკიცა შანტაჟით, ტერორის შიშით, ომით“; „უცხოეთში სამხედრო თავგადასავლების და აგრესიის, შინ გავრცელებულ პროპაგანდასთან და პოლიტიკურ რეპრესიებთან კომბინაციით, რათა ადგილობრივი აუდიტორია დაერწმუნებინა იმაში, რომ ის რუსეთის წარსულ სიდიადეს აღადგენდა“.
„ეს არ არის ანგარიში, რომელიც 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას აღწერს. ეს არის ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი მთელ მსოფლიოში“ - თქვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც დოკუმენტზე მუშაობდა. მისი თქმით, ეს არის ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილი პირველი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს რუსეთის საფრთხის მთელ „სიმძიმეს და მასშტაბს“ და რომლის სრულად გააზრების გარეშე, წარმოუდგენელია „მისი განმეორების პრევენცია“.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ანგარიშს ხელს არ აწერს, თუმცა, ჯერჯერობით, არც მის დეტალებს აპროტესტებს. სენატორ ბობ კორკერის (რესპუბლიკელი სენატორი ტენესის შტატიდან) პრესსპიკერი ამბობს, რომ მათ ანგარიშის ასლი ორშაბათს საღამოს გადაეცათ. ამასთან, კომიტეტში რუსეთის თაობაზე საჯარო მოსმენების, თუ საიდუმლო ბრიფინგების მთელი სერია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ორივე პარტიის წარმომადგენლები იღებდნენ. უახლოეს წარსულში, სენატის საბანკო კომიტეტთან ერთობლივი სხდომა ჩატარდა, რათა რუსეთის მთავრობაზე დაწესებული სანქციების გაფართოება მომხდარიყო. სანქციები სხვა საკითხებთან ერთად, გაგრძელებულ აგრესიაზე, კიბერ-იერიშებზე და არჩევნებზე ჩარევის პასუხად დაწესდა.
ანგარიში დეტალურად აღწერს იმ ნაბიჯებს, რომელიც ევროპის ქვეყნებმა რუსეთის ჩარევის და მისი გავლენის აღკვეთის მიზნით გადადგეს. ამასთან, აღწერილია როგორც სახელმწიფოთა მთავრობების მიერ ინდივიდუალურად მიღებული ზომები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ალიანსების მიერ, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი, გატარებული ღონისძიებები. ანგარიშის მიხედვით, შეერთებული შტატები მათ საკმაოდ ჩამორჩება.
„პრეზიდენტი ტრამპი ზერელედ მოეკიდა პუტინის ჩარევით, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს და მასზე რეაგირებას“ - ამბობს ანგარიში. „პრეზიდენტმა სასწრაფოდ უნდა განაცხადოს შეერთებული შტატების პოლიტიკის შესახებ, რომელიც წინ აღუდგება და შეაკავებს კრემლის ჰიბრიდული საფრთხის ყველა გამოვლინებას, მიმართულს ამერიკის და მსოფლიოს წინააღმდეგ... პრეზიდენტმა კონგრესში მრავლისმომცველი ეროვნული სტრატეგიაც უნდა წარმოადგინოს, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილ ამ რთულ საფრთხეებს აღკვეთს“.
ანგარიში რუსეთის გავლენასთან საბრძოლველად, კონტრ-ტერორიზმის ეროვნული ცენტრის ანალოგიური, საგანგებო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის რეკომენდაციას იძლევა. სენატორი კარდინი იმედს გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელები გვერდში დაუდგებიან და გაიზიარებენ ანგარიშის შედეგებს და რეკომენდაციებს. მისი თქმით, კონგრესში რუსეთის მთავრობის აგრესიის და ძალადობის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციებს „ორპარტიული მხარდაჭერის ხანგრძლივი ტრადიცია აქვს“.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბეჯითებით აცხადებს, რომ რაც არ უნდა ჩაედინა რუსეთს, მის საპრეზიდენტო კამპანიას 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეში, კრემლის ინტერესებთან შეხება არ ჰქონია. არჩევნებში ჩარევის ნებისმიერ ბრალდებას დღემდე უარყოფს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ანგარიშის დეტალების გაცნობა შესაძლებელია სენატის საგარეო ურთიერთობათა ვებგვერდზე.
Facebook Forum