რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტი სერგეი პოდსიტნიკი ძებნილთა სიაში დაამატა. ბრალდება, რომლის გამოც სამართალდამცავმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო, დაზუსტებული არ არის.
პოდსიტნიკი გამოცემა „პროტოკოლის“ რედაქტორია. სანამ ჟურნალისტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მისი ოჯახი ამბობდა, რომ პოდსიტნიკს რუსეთის საგამოძიებო ორგანოები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ცრუ ინფორმაციის სავარაუდო გავრცელებაზე ედავებოდნენ.
სერგეი პოდსიტნიკი ახლა რუსეთში არ იმყოფება, მან ქვეყანა გასულ წელს დატოვა. ჟურნალისტს მედიასთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, მისი კოლეგები კი ამბობენ, რომ სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ჟურნალისტზე ძებნა გამოცხადდა, სტატიაა, რომელიც რუსეთის მიერ ქალაქ მაკიევკის დაბომბვას უკავშირდებოდა.
კრემლი ამ დრომდე მის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში, სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოიხსენიებს და ყველა ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი თუ უბრალოდ მოქალაქე, რომელიც მას ომად მოიხსენიებს ან ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, ისჯება. თუ პირი განმეორებითად ჩაიდენს მსგავს ქმედებას, მას პატიმრობა ემუქრება 15 წლის ვადით.
Facebook Forum