ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირა


რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ფორმალური ანექსიისკენ, რასაც დასავლეთი გმობს.

4 ოქტომბერს, კენჭისყრაზე მყოფმა 153-ვე დეპუტატმა, ხმა მისცა ზაპორიჟიის, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილების ანექსიას. რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს ოთხი რეგიონი, უკრაინის დაახლოებიღ 18 პროცენტს წარმოადგენს.

ერთი დღით ადრე, საკითხი ასევე ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა. შემდეგი და საბოლოო ნაბიჯი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დოკუმენტების ხელმოწერაა.

რუსეთმა უკრაინის რეგიონების ფორმალური ანექსიის პროცედურები იქ ე.წ. რეფერენდუმების გამართვის შემდეგ დაიწყო. ოფიციალურ კიევი და დასავლეთი ამ ე.წ. რეფერენდუმებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და "ყალბს" უწოდებს. ლიდერები აცხადებენ, რომ კენჭისყრები უკანონო, იძულებითი და არაწარმომადგენლობითი იყო.

უკრაინის ამ ოთხი რეგიონიდან რუსეთი სრულად ვერც ერთს ვერ აკონტროლებს. კრემლს ჯერ არ აქვს ოფიციალურად განსაზღვრული ახალი ე.წ. საზღვრები, რადგან ტერიტორიების დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშაა. ამასთან, რუსული ჯარი ოკუპირებული მიწების ნაწილს უკრაინის კონტრშეტევის შედეგადაც კარგავს.

თუმცა, დოკუმენტებში ნათქვამია, რომ დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონები რუსეთს სრულად შეუერთდება, როგორც "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" და "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა". ე.წ. საზღვრები კი დაწესდება 2014 წლის მიხედვით, როდესაც ორი რეგიონის ნაწილი, იძულებით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მოექცა.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ უკრაინის მიკოლაივის ოლქის ნაწილი, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, ანექსირებული იქნება "ხერსონის ოლქის" შემადგენლობაში.

ანექსირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელები რუსეთის მოქალაქეებად ჩაითვლებიან, თუ ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას არ აცნობებენ, რომ არ სურთ ამის გაკეთება. მათ, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, არჩევანის გასაკეთებლად ერთი თვე აქვთ.

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი „არასდროს არ აღიარებს უკრაინის ტერიტორიას, სხვა რამედ, გარდა როგორც უკრაინის ნაწილს.”

XS
SM
MD
LG