რუსეთის სასამართლომ, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, პარასკევს, 19 ივლისს, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ახალი ამბების სააგენტოები ავრცელებენ.
32 წლის გერშკოვიჩი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყალბია. ის სასამართლოს წინაშე, გასულ თვეში, ეკატერინბურგში წარსდგა. ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ჯაშუშობის საქმეების სასამართლო განხილვას, ხშირად, თვეები სჭირდება და უჩვეულო სისწრაფემ, რომლითაც გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი, დახურულ კარს მიღმა წარიმართა, გააძლიერა სპეკულაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის, პატიმართა გაცვლის შესახებ განხილვა მოხდა და როგორც რუსეთში დაკავებული ამერიკის სხვა მოქალაქეები, გერშკოვიჩიც ამ განხილვის ნაწილი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, პატიმრების შესაძლო გაცვლის შესახებ კითხვა კრემლის სპიკერს დაუსვა. „ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ“, - უთხრა დმიტრი პესკოვმა „როიტერს“.
რუსი პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ გერშკოვიჩმა საიდუმლო ინფორმაცია შეაგროვა ამერკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დავალებით კომპანიის შესახებ, რომელიც აწარმოებს ტანკებს მოსკოვის ომისთვის უკრაინაში, რაც მან და მისმა დამსაქმებელმა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ უარყვეს.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ის 2023 წლის 29 მარტს დააკავეს, ეკატერინბურგში, მოსკოვის აღმოსავლეთით 1,400 კმ-ის დაშორებით. მას შემდეგ ის მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში იმყოფება.
გერშკოვიჩმა, მისმა გამოცემამ და ამერიკის მთავრობამ უარყვეს მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადეს, რომ ის მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აკრედიტებული რეპორტიორი.
"მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებს რუსეთის ხელისუფლება, ევანი ჟურნალისტია. მას არ ჩაუდენია რაიმე უკანონო ქმედება. რუსეთის ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა დანაშაული, ან ევანის პატიმრობის გასამართლებელ [მტკიცებულება]" - ნათქვამია რუსეთში ამერიკის აელჩოს მიერ, ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა ხუთშაბათს, 18 ივლისს, უარი თქვა საჯაროდ ესაუბრა პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებზე. მაგრამ თქვა, რომ ვაშინგტონი ითხოვს გერშკოვიჩისა და კიდევ ერთი დაპატიმრებული ამერიკელის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანის გათავისუფლებას.
Facebook Forum