ვაშინგტონის შტატში მდებარე „ბოინგის“ ქარხნის მუშები ოთხშაბათს კენჭს უყრიან საკითხს, მისცენ თუ არა პროფკავშირს გაფიცვის მანდატი. ბოლო 16 წლის მანძილზე კომპანიასთან პირველი სრულმასშტაბიანი მოლაპარაკებების დროს, „ბოინგის“ თანამშრომლებს ხელფასის 40 პროცენტით გაზრდა სურთ.
დაახლოებით 30 ათასი მუშიდან ბევრი, ვინც „ბოინგ 737 მაქს“ და სხვა თვითმფრინავებზე მუშაობს, მანდატის მხარდასაჭერ დემონსტრაციებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სიეტლში გაიმართება, თუმცა 12 სექტემბერს მიმდინარე კონტრაქტის დასრულებამდე, მათ გაფიცვის გამოცხადება არ შეუძლიათ.
ჩრდილოეთ ამერიკის პროფკავშირებმა ისარგებლეს შრომით ბაზარზე არსებული დაძაბულობით და მოლაპარაკების მაგიდასთან მსხვილ ხელსაყრელ კონტრაქტებს მიაღწიეს. ავიახაზების პილოტებმა, ავტომშენებლებმა და სხვებმა ხელფასების დიდი მატება მიიღეს.
მაგრამ „ბოინგმა“ თავის კონკურენტ „აერობუსთან“ პოზიციები დათმო იმ დროს, როდესაც ცდილობს კრიზისთან გამკლავებას, რომელიც 5 იანვარს, ფრენის დროს „737 მაქს“ თვითმფრინავის კარის მოწყვეტით დაიწყო.
ცოტა ხნის წინ ავიამშენებელმა გამოაცხადა, რომ 2018 და 2019 წლებში ორი „737 მაქს“ თვითმფრინავის დაღუპვასთან დაკავშირებული გამოძიების საქმის გადაწყვეტისთვის, თავი დამნაშავედ ცნო „კრიმინალურ თაღლითურ შეთქმულებაში“. ავიაკატასტროფებში მთლიანად 346 ადამიანი დაიღუპა.
მოსალოდნელია, რომ ამერიკული ავიამწარმოებელი, რომელმაც გამოაცხადა, რომ საკვანძო მიმწოდებელ Spirit AeroSystems-ის 4.7 მილიარდ დოლარად შეძენას აპირებს, 2024 წელს ლიკვიდური ფონდების დაგროვების ნაცვლად ფულს დახარჯავს.
მექანიკოსების და აეროკოსმოსური დარგის მუშათა საერთაშორისო ასოციაციამ, რომელიც „ბოინგის“ თანამშრომლების ინტერესებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ კომპანიის ფინანსური და საწარმოო გამოწვევები ვერ შეცვლის მუშების მზადყოფნას გაიფიცონ, თუ ეს საჭირო იქნება.
„ბოინგს“ ვაშინგტონის შტატში 66 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რაც მისი გლობალური პერსონალის უდიდესი ნაწილია.