ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როიტერი: პროკურორები იუსტიციის დეპარტამენტს "ბოინგისთვის" კრიმინალური ბრალის წაყენების რეკომენდაციას აძლევენ


აშშ-ის პროკურორები იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებს „ბოინგისთვის“ სისხლის სამართლის ბრალის წაყენების რეკომენდაციას აძლევენ - წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პროკურორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც დაადგინეს რომ თვითმფრინავების მწარმოებელმა ორ ფატალურ ავარიასთან დაკავშირებული შეთანხმება დარღვია.

იუსტიციის დეპარტამენტმა 7 ივლისამდე უნდა გადაწყვიტოს, „ბოინგის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს თუ არა.

მაისში ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ კომპანიამ დაარღვია 2021 წლის შეთანხმება, რომელიც „ბოინგს“ სისხლის სამართლის ბრალდებისგან იცავდა. თაღლითობის მიზნით შეთქმულების ბრალდება 2018 და 2019 წლებში, 737 Max Jet-ის ორ ფატალურ ავარიას ეხებოდა.

2021 წლის შეთანხმების საფუძველზე, იუსტიციის დეპარტამენტი დათანხმდა არ დაეწყო სამართლებრივი დევნა „ბოინგის“ წინააღმდეგ იმის გამო, რომ სავარაუდოდ მოატყუა ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია იმის თაობაზე, რომ კაპიტალურად გააუმჯობესებდა ხარისხის შესაბამისობის პრაქტიკას და რეგულარულ ანგარიშებს წარადგენდა. „ბოინგი“, ასევე, 2.5 მილიარდი დოლარის გადახდას დათანხმდა.

„ბოინგმა“ კომენტარზე უარი თქვა. კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ 2021 წლის შეთანხმების „პირობებს იცავდა“. „ბოინგმა“ იუსტიციის დეპარტამენტს უთხრა, რომ არ ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, რომ კომპანიამ შეთანხმება დაარღვია.

ორმა წყარომ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ორი მხარე იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების საკითხის პოტენციურ გადაწყვეტაზე მსჯელობს და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ოფიციალური პირები კომპანიას ბრალს წაუყენებენ. წყაროების თქმით, იუსტიციის დეპარტამენტში შიდა განხილვა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

XS
SM
MD
LG