ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ნატოში მისიის მუშაობას აჩერებს


რუსეთი ნატოში მისიის მუშაობას აჩერებს. ბრიუსელში მდებარე შტაბბინაში რუსეთის წარმომადგენლები მუშაობას მოსკოვის გადაწყვეტილებით იმის გამო წყვეტენ, რომ გასულ თვეში ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთის მისიის 8 წარმომადგენელს ფარულ სადაზვერვო საქმიანობაში დასდო ბრალი და ქვეყნიდან გააძევა.

ეს საპასუხო ნაბიჯი კიდვე ერთი უარყოფითი მოვლენაა დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებში, რომლებიც ისედაც უკიდურესად დაძაბულია.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მისიის ფუნქციონირება 1 ნოემბრიდან შეწყდება. ამავე დღეს ჩამოერთმევათ აკრედიტაცია ნატოს სამხედრო მისიის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მოსკოვში მუშაობენ. ლავროვის თქმით, ნატოს სამდივნო უკვე ინფორმირებულია და რუსული მხრიდან ყველა საჭირო ნაბიჯია გადადგმული. თუკი ალიანსს შეკითხვები აქვს, ლავროვის თქმით, მათ შეუძლიათ ბრიუსელში რუსეთის ელჩს მიმართონ. პირველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია რა პირობებით შეიძლება ამ მისიების ფუნქციონირება აღდგეს.

გასულ კვირას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი მოსკოვში ჩავიდა. ნულანდის ორდღიანი ვიზიტისთვის, საჭირო გახდა, რომ რუსეთს ამერიკული მხარისთვის დაწესებული სანქციები მოეხსნა და შესაბამისი ვიზები გაეცა. შეერთებული შტატები დათანხმდა ანალოგიურ ნაბიჯს ამერიკის მხრიდანაც. თუმცა ნულანდისა და ლავროვის მოადგილის, რიაბკოვის შეხვედრას დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. მხარეებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა ამ თემაზე ვერ შეძლეს. კრიტიკულ საკითხთა შორისაა დიოლომატების თემა უშუალოდ ამერიკა-რუსეთს შორისაც.

„არ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ მიმართულებით. ვიზები, დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების პირობები, დიპლომატიური პერსონალის როტაცია, მთლიანობაში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობა ამ ორ ქვეყანაში - კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან კრიზისულ პოტენციალს და არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ კვლავ მოსალოდნელია მეტი დაძაბულობა. ამის შესახებ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს პირდაპირ ვუთხარით", - რიაბკოვის შეფასება ნულანდთან შეხვედრის შემდეგ სააგენტო "ინტერფაქსმა" გაავრცელა.

ორი კვირის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონგრესში არსებული შეთავაზება 300 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე, შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური ობიექტები დაიხუროს. მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობა დროებით შეჩერდეს, თუმცა ამბობენ, რომ „ამის თავიდან აცილება სასურველი იქნებოდა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG