ორშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა არ მიდის ისე, როგორც მოელოდნენ და რომ კიევი მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღს კარგავს, რომელსაც მას დასავლეთი აწვდის.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, სამხედრო კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინა „სასოწარკვეთილად გზავნის ახალ ძალებს“ რუსეთის პოზიციებზე თავდასასხმელად, თუმცა წინსვლას ვერ ახერხებს.
უკრაინა ამბობს, რომ მან მიაღწია ეტაპობრივ პროგრესს, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე სურდა. ქვეყნის სახმრეთსა და აღმოსავლეთში რუსეთის გამაგრებული პოზიციების წინააღმდეგ, უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევა ივნისის დასაწყისში დაიწყო.
რუსეთის მიერ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის 17 თვის თავზე უკრაინა ზეწოლის ქვეშაა, რათა დასავლური ტანკების, სარაკეტო სისტემების და სხვა ტექნიკის მიწოდების შემდეგ, ბრძოლის ველზე წარმატება აჩვენოს.
ამ მიზეზით, რუსეთმა არაერთხელ წარმოაჩინა კონტრშეტევა წარუმატებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ ისევ ადრეულ ეტაპზეა.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მრავალმილიარდიანი რესურსები, რომლებიც ნატოს ქვეყნებმა კიევის რეჟიმს მიაწოდეს, რეალურად არაეფექტურად და უმიზნოდ იხარჯება".
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიმართავს კიევი „სასოწარკვეთილ აქტებს“, როგორიცაა დრონით თავდასხმა მოსკოვზე გასულ კვირას, ქალაქის ბიზნეს ნაწილში, რომელმაც მოსკოვის თქმით შენობა დააზიანა.
პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი „ყველა შესაძლო ზომას“ მიიღებს, მოსკოვში და სხვაგან, მსგავსი თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
Facebook Forum