ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას „შავი ბზიკის“ სახელით ცნობილ საჯაშუშო დრონებს აწვდის


უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილ, ახალ $400 მილიონიან, სამხედრო დახმარების პაკეტში დრონებიც შედის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვაშინგტონი კიევს ე.წ. „შავი ბზიკის“ სახელით ცნობილ დრონებს გადასცემს.

ამერიკული „შავი ბზიკი“ მოწინავე საჯაშუშო დრონია, რომელიც „teledune flir defense”-ის მიერ არის შექმნილი. კომპანია განმარტავს, რომ „შავი ბზიკი“ ძალიან პატარა ზომის - მსუბუქი საფრენი აპარატია, რომელიც მართვის, ოპერაციულ შტაბს ლაივ რეჟიმში გადასცემს სიგნალს იმის შესახებ, თუ რა ხდება ტერიტორიაზე, სადაც ის არის გაშვებული. ეს ამერიკული დრონი სხვა დრონებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ მას თანამედროვე სენსორები აქვს და მარტივად მანევრირებს რთულ ურბანულ გარემოში. ფრენის დრო კი 25 წუთია.

მწარმოებელი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „შავი ბზიკი“ ეფექტურია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. დრონი აღჭურვილია ღამის ხედვის ტექნოლოგიით. ის აგროვებს როგორც ვიზუალურ, ასევე - აუდიო მასალებს.

„შავი ბზიკი“ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის დახმარების ახალ პაკეტშია, მასთან ერთად ვაშინგტონისგან კიევი მიიღებს დამატებით საჰაერო თავდაცვის ამუნიციას, მათ შორის რაკეტებს: "ჰაიმარსებისთვის", "პატრიოტებისა" და "ნასამსებისთვის". ამასთან, ამერიკული დახმარების ახალ პაკეტში შედის ჯავშანტრანსპორტიორებიც.

პენტაგონმა ახალი დახმარების შესახებ განცხადება 25 ივლისს გააკეთა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინამ ამერიკისგან უკვე მიიღო 30 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG