ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს მისი თანამშრომლების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორამციის გავრცელებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით არანაირ ლობისტურ საქმიანობაში დიპლომატიურ უწყებას მონაწილეობა არ მიუღია და გავრცელებული ბრალდებები "მავნებლურია".
"თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა", - წერია საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაში.
გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლევან ნიკოლეიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს ევან ელიოტი იყო, ამერიკის საელჩოს თანამშრომელი. ნიკოლეიშვილის მტკიცებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, "სწორედ ელიოტის დახმარებით ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას".