ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა კონტრიერიშის მოლოდინშია, რუსეთმა ბელარუსიდან 1 000 სამხედრო ინსტრუქტორი უკრაინაში გადაიყვანა


უკრაინელი ჯარისკაცები ქ. ბახმუტისკენ მიემართებიან. უკრაინა, 22 მარტი, 2023 წ.
უკრაინელი ჯარისკაცები ქ. ბახმუტისკენ მიემართებიან. უკრაინა, 22 მარტი, 2023 წ.

რუსეთის სამხედრო წვრთნის სისტემა "მკვეთრად" შეიცვალა, იქ სერიოზული გადაადგილებები მოხდა. კერძოდ - "ინსტრუქტორები უმეტესად უკრაინაში არიან გადაყვანილი" - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

24 მარტს, "ტვიტერზე" გავრცელებულ განცხადებაში, ბრიტანეთის თავდაცვამ თქვა, რომ რუსეთმა გადააადგილა "სულ ცოტა, 1 000-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ობუზ-ლესნოვსკის საწვრთნელ ბაზაზე, ბელარუსის სამხრეთ-დასავლეთში იყო დისლოცირებული".

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთს ცენტრი მთლიანად არ გაუუქმებია. როგორც ჩანს, მოსკოვი იქ ჯერ კიდევ გეგმავს ჯარისკაცების წვრთნის პროცესის გაგრძელებას, მაგრამ ეს "გაცილებით ნაკლებად გამოცდილი, ბელარუსის არმიის მიერ მოხდება".

კიევი ევროპას დახმარების დაჩქარებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 მარტს ფრონტის წინა ხაზზე სოფლები მოინახულა, მას შემდეგ რაც ერთი დღით ადრე, ბახმუტთან მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა. "ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ხელახლა ავაშენებთ... ყველა ქალაქს და სოფელს, რომელიც ოკუპანტების გამო დაზარალდა" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

იმავე დღეს გაკეთებულ ვიდეო-მიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი მსხვილი კონტრიერიშისთვის ემზადება. თუმცა, ამისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ევროპელი მეზობლების დროული დახმარება ესაჭიროება.

"თუ ევროპა დააგვიანებს", უთხრა მან დასავლელ ლიდერებს, "ბოროტებას ექნება დრო შესაძლო გადაჯგუფებისთვის და ომის წლობით გასაგრძელებლად". ზელენსკიმ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებს ვიდეო მიმართვაში სთხოვა, გააფართოვონ და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის და ამუნიციის მიწოდება, რომლითაც ისინი რუსეთის იერიშის მოგერიებას შეძლებენ და მათ უკანდახევას აიძულებენ.

ევროკავშირის ლიდერებმა ხუთშაბათს, 23 მარტს ხელი მოაწერეს უკრაინისთვის $2 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების შეთანხმებას. აღნიშნულ დახმარებაზე წინა კვირაში ბლოკის თავდაცვის და საგარეო უწყებების მინისტრებმა მოილაპარაკეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში) ხერსონის რეგიონში. 23 მარტი, 2023 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (ცენტრში) ხერსონის რეგიონში. 23 მარტი, 2023 წ.

სიტუაცია ფრონტზე

ფრონტზე ვითარება ბოლო დღეებში არ შეცვლილა. ბახმუტზე რუსეთის იერიში ჩიხში მოექცა. უკრაინა კი "ძალიან მალე" კონტრშეტევაზე გადავა - ამბობს გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი, უკრაინის არმიის ერთ-ერთი უმაღლესი მეთაური. 23 მარტს მან "ტელეგრამზე" დაწერა, რომ იქ მებრძოლი რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის ჯგუფი" თანდათან სუსტდება და ძალისგან იცლება.

"ძალიან მალე ჩვენ ამ შესაძლებლობით ვისარგებლებთ, როგორც ეს წარსულში კიევთან, ხარკივთან, ბალაკლიასთან და კუპიანსკთან გავაკეთეთ" - ამბობს სირსკი. ის ერთ-ერთია იმ სამხედრო მეთაურებს შორის, რომელიც გასულ წელს უკრაინის დედაქალაქ კიევის თავდაცვის სტრატეგიას ხელმძღვანელობდა. რუსეთის იერიში კიევზე შარშან უშედეგო გამოდგა, უკრაინამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აიძულა წლის მეორე ნახევარში უკან დაეხია.

მოსკოვს ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი ბახმუტში რუსეთის ჯარების დასუსტებასთან და რუსეთის ძალების ჩიხში მოქცევასთან დაკავშირებით. თუმცა, ბოლო დღეებში, ევგენი პრიგოჟინმა, "ვაგნერის ჯგუფის" მეთაურმა არაერთხელ გააფრთხილა კრემლი იმის თაობაზე, რომ უკრაინა მსხვილი კონტრშეტევისთვის ემზადებოდა.

რამდენიმე დღის წინ, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთვის მიწერილი წერილი. მასში პრიგოჟინი წერს, რომ უკრაინა ცდილობს, "ვაგნერის ჯგუფი" რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან მოკვეთოს და მოუწოდებს შოიგუს, არ დაუშვას მსგავსი რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ყველაფერს რუსეთისთვის "უარყოფითი შედეგები" მოჰყვება, წერს პრიგოჟინი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფება და იქ მყოფ რუსეთის ქვედანაყოფებს ამოწმებს. ვიდეო 2023 წლის 4 მარტს გავრცელდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში, მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფება და იქ მყოფ რუსეთის ქვედანაყოფებს ამოწმებს. ვიდეო 2023 წლის 4 მარტს გავრცელდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG