საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და უკრაინა, 15 მილიარდი დოლარის სასესხო პაკეტზე შეთანხმდნენ. პაკეტი მიზნად ისახავს რუსეთის შეჭრით ქვეყანაში დაზიანებული სახელმწიფო ფინანსების გაძლიერებას და სხვა დონორების დარწმუნებას, რომ უკრაინა ძლიერ ეკონომიკას აშენებს და ამასთან, ებრძვის კორუფციას.
უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პროგრამა „დაეხმარება უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსების მობილიზებას, ასევე მაკროსაფინანსო სტაბილურობის შენარჩუნებას და აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ომის შემდგომი აღდგენის გზას.“
სასესხო პროგრამა ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება. IMF-ის განცხადებით, პირველი 12-18 თვის განმავლობაში, პაკეტი ფოკუსირებული იქნება დაეხმაროს უკრაინას, ბიუჯეტის მასიური დეფიციტის დაფარვაში.
პროგრამის დარჩენილი ნაწილი ფოკუსირებული იქნება უკრანის მხარდაჭერაზე, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გზაზე.
უკრაინაში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი, გევინ გრეი ამბობს, რომ შეთანხმება, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება IMF-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცება, დაეხმარება საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორების ფართომასშტაბიანი დაფინანსების მობილიზებას.
ვაშინგტონში ბაზირებული სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ აჩვენა თავის ჯანსაღი ერთგულება ეკონომიკური პოლიტიკისადმი და მიაღწია წინასწარი კონსულტაციის დროს შეთანხმებულ ყველა მიზანს.