ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინული ქალაქი ავდიივკა რუსეთის ძლიერი შეტევის ქვეშაა. პარასკევს, 13 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა, ქალაქზე მორიგი სახმელეთო და საჰაერო იერიშები მიიტანეს.
რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ოთხი დღეა ქალაქისთვის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ეს ბოლო თვეებში ყველაზე დიდი შეტევაა, რომელიც რუსეთმა მიმდინარე ომის დროს წარმოიწყო.
„ბრძოლები ოთხი დღეა მიმდინარეობს. სასტიკი და მართლაც შეუჩერებელია... ისინი ისვრიან ყველაფერს რაც ხელთ აქვთ“,- ამბობს ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
მიუხედავად ძლიერი შეტევისა ოფიციალური კიევი ამბობს, რომ ქალაქს უკრაინული ჯარი აკონტროლებს. ავდიივკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში ამბობს, რომ ქალაქი მუდმივი თავდასხმების ქვეშ ცხოვრობს. ბარაბაში ამბობს, რომ შეტევა ძლიერია და რუსული ჯარი იყენებს როგორც საჰაერო ასევე საარტილერიო ჭურვებს.
„ავდიივკაში ძალიან ცხელი ღამე იყო. რამდენიმე საჰაერო დარტყმა განხორციელდა ქალაქზე, შეტევები არც ღამე წყდება და არც დღე“,- ამბობს ბარაბაში.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მას შემდეგ რაც უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყო, რუსეთის ჯარების მხრიდან იშვიათად ხდება შეტევაზე გადასხვლა, რადგან ისინი ძირითადად ფოკუსირებულნი არიან უკრაინული ჯარების მოგერიებაზე.
უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რომელიც ანალიტიკოსთა შეფასებით, ნელი პროგრესით წინ მიიწევს, კიევის მტკიცებით მოსკოვმა ჯარების თავმოყრა ავდიივკის ირგვლივ შეძლო. იქ რუსულმა ჯარმა მძიმე ტექნიკაც გადაისროლა, რაც დაეხმარა მათ იმაზე, რომ ქალაქზე მძიმე იერიშები მიეტანათ.
არსებობს ინფორმაცია, რომ მოსკოვის მიზანია დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი ავდიივკა აყლაში მოაქციოს და დაიკავოს. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ დამოუკიდებლად ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გადამოწმება ამ ეტაპზე ვერ შეძლო.
Facebook Forum