ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები: „არჩილ ტატუნაშვილი ნაწამებია“


რუსეთმა საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ გადმოსცა
რუსეთმა საქართველოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის შემდეგ გადმოსცა

„წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს“ – ეს დასკვნა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ეკუთვნის.

ტატუნაშვილების ოჯახის მოთხოვნით და საქართველოს მთავარი პროკურატურის დადგენილების შესაბამისად, „ემპათიის“ ექსპერტი წუხელ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში, ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებული ტატუნაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას დაესწრო.

ოკუპირებული ცხინვალიდან ტატუნაშვილის ცხედარი "წითელმა ჯვარმა" გადმოასვენა
ოკუპირებული ცხინვალიდან ტატუნაშვილის ცხედარი "წითელმა ჯვარმა" გადმოასვენა

ცხედრის პირველად ექსპერტიზის შემდეგ, „ემპათიის“ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მინესოტასა და სტამბოლის პროტოკოლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აუცილებელია ცხედრის კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა ჩატარდეს, „რათა წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იქნას დადგენილი“.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ დირექტორი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე ამბობს:

უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ადგილი ჰქონდა. ცხედარზე აღინიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით თითქმის მთელ სხეულზე, მათ შორის თავის ქალის არეში. ეს დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით. ვინაიდან ეჭვი გაჩნდა, რომ მოტეხილი ჰქონდა თითები, მაგ მხრივაც გამოკვლევები ჩატარდა"
ირაკლი თოიძე, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი

„ტატუნაშვილის სხეულზე არსებული მრავლობით დაზიანების მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ადგილი ჰქონდა. ცხედარზე აღინიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით თითქმის მთელ სხეულზე, მათ შორის თავის ქალის არეში. ჩემი აზრით, ეს დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნით.

ვინაიდან ეჭვი გაჩნდა, რომ მოტეხილი ჰქონდა თითები, მაგ მხრივაც გამოკვლევები ჩატარდა, როცა რენტგენის სურათი დაიდება, ეს ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის, აქვს თუ არა კიდურები მოტეხილი.“

ოკუპირებულ ახალგორის სოფელ ყანჩავეთიდან დევნილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი ჯარისკაცი, საერთაშორისო მისიებში (ერაყი, ავღანეთი) ნაბრძოლი, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს.

არჩილ ტატუნაშვილი ერაყში სამშვიდობო მისიის დროს 2008 წელი
არჩილ ტატუნაშვილი ერაყში სამშვიდობო მისიის დროს 2008 წელი

ტატუნაშვილს ყანჩავეთში ბებია და სხვა ახლო ნათესავები ჰყავდა დარჩენილი და ბოლო წლების მანძილზე, საოკუპაციო რეჟიმის გაცემული სპეციალური საშვით რეგულარულად და უპრობლემოდ გადადიოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში.

22 თებერვალს, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის შემდეგ, ოკუპანტებმა ტატუნაშვილი ორ მეგობართან ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მეორე დღეს, საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოსი ხალხის გენოციდში მონაწილე ტატუნაშვილმა ციხის ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, იარაღის წართმევას შეეცადა, რა დროსაც კიბეებზე დაგორდა, თავი დაარტყა და შემდეგ ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.“

ტატუნაშვილების ოჯახის ინფორმაციით კი რომელიც მათ ოკუპირებული ახალგორიდან და ცხინვალიდან მიიღეს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ოკუპანტები არჩილ ტატუნაშვილისგან საჯარო აღიარების მიღებას ცდილობდნენ, რომ თითქოს იგი ახალგორში დივერსიებს გეგმავდა, რა დროსაც ყოფილი ქართველი სამხედრო პირი წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალის მორგში
ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალის მორგში

23 თებერვალს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს, მხოლოდ 26 დღის შემდეგ, გუშინ, 20 მარტს საღამოს, წითელი ჯვრის შუამავლობით, სოფელ ერგნეთის ტერიტორიაზე გადასცა. დააბრუნეს ტატუნაშვილის ავტომანქანაც, რომლითაც იგი ოკუპირებულ ახალგორში გადავიდა.

ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თითქოს ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა და "ღვიძლის ცეროზით და ქრონიკური ჰეპატიტით იყო დაავადებული“.

წამების დოკუმენტირების საკითხში საერთაშორისო ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ რუსული ექსპერტიზის გასაბათილებლად კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებაა აუცილებელი:

ცხედარი შეგნებულად გადმოგვცეს დაგვიანებით, გვამი უკვე ლპობაშია წასული, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ რომ რუსულ-ოსურმა მხარეებმა ყველაფერი გააკეთეს წამების კვალის დასაფარად"
მარიამ ჯიშკარიანი, წამების დოკუმენტირების საკითხში საერთაშორისო ექსპერტი

„ვინაიდან რუსული ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა აუცილებელია კვლევებზე მაღალი კვალიფიკაციის კარდიოლოგი, ასევე ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ჩაერთონ, რათა გაირკვეს გულის მწვავე უკმარისობა შეიძლებოდა თუ არა გამოეწვია განსაკუთრებულ სტრესს და ტრავმას, როგორიც არის ადამიანის წამება.

ამასთან, ჩვენთვის გადმოცემული რუსული ექსპერტიზის დასკვნა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ექსპერტიზას არ ახლავს ცხინვალის ციხისა და საავადმყოფოს სამედიცინო ბარათები, საერთოდ არ არის აღწერილი რა ვითარებაში დაიღუპა არჩილ ტატუნაშვილი.

ამას ემატება ის გარემოება რომ გვამი შეგნებულად გადმოგვცეს დაგვიანებით, ცხედარი უკვე ლპობაშია წასული, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ რომ რუსულ-ოსურმა მხარეებმა ყველაფერი გააკეთეს წამების კვალის დასაფარად. ყოველივე აქედან გამომდინარე კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზის ჩატარება ბევრ კითხვას მოჰფენს ნათელს.“

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩატარებული ტატუნაშვილის ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების პასუხები ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის მისვენება სოფელ წილკანში
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის მისვენება სოფელ წილკანში

ტატუნაშვილის ცხედარი მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, დევნილთა ჩასახლებაში, მისსავე საცხოვრებელ სახლშია დასვენებული და მიმდინარეობს სამოქალაქო პანაშვიდი. საოკუპაციო ზონაში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, წეროვანის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენებენ და შემდეგ, სოფელ ქანდას სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 2 აპრილს არჩილს 36 წელი შეუსრულდებოდა.

დღეს, საქართველოს პარლამენტმა 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“, სადაც პარლამენტი მიმართვას მთვარობას 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“;

მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის, სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად; კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა.

ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილის ავტომობილიც დააბრუნეს
ოკუპანტებმა არჩილ ტატუნაშვილის ავტომობილიც დააბრუნეს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG