ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერმა კვირიკაშვილმა უხეში პოლიტიკური შეცდომა დაუშვა


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ „არაკონსტრუქციული“ უწოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „გულწრფელ“ მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის გუშინდელ მოკლე გამოხმაურებას, სადაც კრემლი მიესალმა კვირიკაშვილის „დეკლარირებულ სწრაფვას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგისაკენ“.

მოსკოვის აზრით, „სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოს აღელვებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს სცდება“.

ასეთ საკითხად მიიჩნევს რუსეთი, ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და 19 დღის მანძილზე, მისი ცხედრით ვაჭრობას და მოუწოდებს საქართველოს პრემიერს ეს თემები „დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთთან“ გაარკვიოს.

პრემიერ კვირიკაშვილის ნაცვლად, რომელიც დღეს საღამოს, საპარლამენტო უმრავლესობასა და მთვარობის წევრებს მმართველი პარტიის ოფისში შეხვდა, „ქართული ოცნებიდან“ კომენტარი ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა და მოსკოვს „მეტი კონსტუქციულობისკენ“ მოუწოდა:

ჩვენი მოლოდინი არის რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა, ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება. მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა რუსულ მხარეს ეკისრება"
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

„ჩვენი მოლოდინი არის რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა, ეს განცხადება არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება. მთლიანად პასუხისმგებლობა ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა რუსულ მხარეს ეკისრება, რომელიც (ოკუპირებულ ტერიტორიებზე) სრული კონტროლის განმახორციელებლი მხარეა.

შესაბამისად ჩვენი მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა,“

მმართველ პარტიაშიც აღიარებენ, რომ სამდღიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, როგორც მოსალოდნელი იყო, სათავისოდ გამოიყენა, პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვაში დაფიქსირებული მზაობა „რეალური პროგრესს“ მიაღწიოს „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში“ და „აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი“ აწარმოოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო კომენტარში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის „სწრაფვა“ ჟენევის დისკუსიებში პროგრესის მიღწევისაკენ „აჩენს იმედს“, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ქართული მხარე „კონსტრუქციულ“ მიდგომას გამოიჩენს.

ჟენევის მოლაპარაკება 2008 წლის 15 ოქტომბრიდან ტარდება (მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და 26 აგვისტოს, სოხუმისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობა“ სცნო). ყველა აქამდე გამართულ 42 რაუნდზე, რუსეთი საქართველოსგან „დამოუკიდებელ სოხუმთან და ცხინვალთან“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის გაფორმებას ითხოვდა, სადაც გარანტორის როლს თავად შეასრულებს.

ამავე დროს, კრემლი კატეგორიულად წინააღმდეგია ასეთი შეთანხმების ნაწილი თავადაც გახდეს ანუ თბილისის მსგავსად ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა მოსკოვმაც დადოს, იმ მოტივით, რომ „რუსეთი კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს“.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ 9 მარტს, რუსეთის ფედერაციისადმი მიმართვით, პრემიერმა კვირიკაშვილმა უხეში პოლიტიკური და დიპლომატიური შეცდომა დაუშვა:

ამაზე ცუდი სიტუაცია იმისთვის, რომ მაამებლური და „კონსტრუქციული“ ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიმართულებით ძნელი წარმოსადგენია“
გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

„სრულიად გაუგებარია რამ უბიძგა პრემიერ კვირიკაშვილს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, მით უმეტეს, დღევანდელ სიტუაციაში, როცა დაიწყო ახალი ცივი ომი, მიდის თანამედროვე შეიარაღებების რბოლა, სისხლისმღვრელი ომი სირიასა და უკრაინაში, და ბოლოს, როდესაც რუსეთი უყოყმანოდ ნერვული აირით წამლავს 21 ადამიანს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ამაზე ცუდი სიტუაცია იმისთვის, რომ მაამებლური და „კონსტრუქციული“ ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიმართულებით ძნელი წარმოსადგენია.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ მოკლე კომენტარს დღესვე მოკლე კომენტარით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა:

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.“ - ნათქვამია განცხადებაში. ჟენევის მოლაპარაკების მორიგი 43-ე რაუნდი 27-28 მარტს არის დანიშნული.

XS
SM
MD
LG