დღეს ერგნეთში საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომლის ორგანიზების აუცილებლობა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის იზოლატორში გარდაცვალების შემდგომ დადგა. უკიდურესად შემაშფოთებელი და ტრაგიული შემთხვევა 22 თებერვალს ტატუნაშვილის ახალგორის გამშვები პუნქტიდან ორიოდე კილომეტრში მდებარე სოფელ მოსაბრუნთან დაკავების შემდგომ დაიწყო. ტატუნაშვილი იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს, საიდანაც ის ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.
ჩვენ კიდევ ველოდებით კომუნიკაციას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გზავნილები დე–ფაქტო ხელისუფლების მიერ მყისიერ რეჟიმში იქნება გადაცემული რუსი ექსპერტებისთვის, რათა დროულად დაასრულონ საექსპერტო დასკვნის მომზადება, ან როგორც მინიმუმ, დე–ფაქტოებს მისცენ უფლება ცხედარი დაუბრუნონ ოჯახს.კახა ქემოკლიძე
ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ მოწყობილ შეხვედრაზე ერგნეთში ქართული მხარე სამი მოთხოვნით მივიდა: ერთი ეხებოდა ტატუნაშვილის ცხედრის მყისიერ გადმოცემას, მეორე იმ მოქალაქეების მშვიდობიანად დაბრუნებას ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ვინც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, ამჟამად კი ახალგორის რაიონში საკუთარ სახლებში იმყოფებიან. მესამე მოთხოვნა კი შეეხებოდა სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობას მომხდარის გამო. ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრიდან ისე გამოვიდა, რომ მისი არც ერთი მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული.
"ამერიკის ხმა" ერგნეთის შეხვედრის შემდგომ კახა ქემოკლიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს ესაუბრა, ვინც უშუალოდ ესწრება მოლაპარაკებებს ოსურ და რუსულ მხარესთან. „ჩვენ შევთანხმდით, რომ დღის ბოლოს ისინი მოგვცემდნენ პასუხს იმის შესახებ, თუ რა მოცემულობაა რუსეთის ექსპერტების მხრიდან ცხედრის გადმოცემის თაობაზე. ჩვენ კიდევ ველოდებით კომუნიკაციას და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გზავნილები დე–ფაქტო ხელისუფლების მიერ მყისიერ რეჟიმში იქნება გადაცემული რუსი ექსპერტებისთვის, რათა დროულად დაასრულონ საექსპერტო დასკვნის მომზადება, ან როგორც მინიმუმ, დე–ფაქტოებს მისცენ უფლება ცხედარი დაუბრუნონ ოჯახს“.
კახა ქემოკლიძის თქმით, ტატუნაშვილის საქმე ძალიან ბუნდოვანია. დე–ფაქტო ადმინისტრაციის ინიციატივა, როდესაც ოსურმა მხარემ ინციდენტიდან უმოკლეს დროში სატელევიზიო სიუჟეტები მოამზადა, რომლის ვირტუალური სცენარის თანახმად ტატუნაშვილი გენოციდს ამზადებდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, პირდაპირი მნიშვნელობით აბსურდულია.
ვითარება არანაირად გაურკვეველი არაა. ვიცით დამკვეთიც და შემსრულებელიც. ესენი არიან ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი. ტატუნაშვილი სასტიკად, სადისტურად სცემეს და შემდეგ, როგორც ჩემი წყარო ირწმუნება, საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მოხდა იზოლატორში.დავით ქაცარავა
კითხვაზე, არსებობს თუ არა დღევანდელი შეხვედრის შემდგომ ერთი საკითხი მაინც, რომელზეც შეთანხმება მოხდა ოსურ და რუსულ მხარეებთან, კახა ქემოკლიძე ამბობს, რომ არსებობს კონსენსუსი სიღრმისეული გამოძიების აუცილებლობაზე. თუმცა ქართული მხარისთვის სიღრმისეული გამოძიება ისეთ ექსპერტიზას გულისხმობს, როგორსაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ატარებს.
ერგნეთში საგანგებო შეხვედრაზე ოსურ მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი ფოტომასალა ან სხვა სახის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ტატუნაშვილი ძალადობრივი ქმედებების შედეგად არ გარდაცვლილა.
ტატუნაშვილის გარდაცვალების სწორედ ამ ვერსიის შესახებ საუბრობენ ოჯახის წევრები და არა მხოლოდ ისინი. დავით ქაცარავა, მოქალაქე გუშაგების წარმომადგენელი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია ტატუნაშვილის გარდაცვალების დეტალების შესახებ. „ვითარება არანაირად გაურკვეველი არაა. ვიცით დამკვეთიც და შემსრულებელიც. ესენი არიან ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვი და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი. ტატუნაშვილი სასტიკად, სადისტურად სცემეს და შემდეგ, როგორც ჩემი წყარო ირწმუნება, საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მოხდა იზოლატორში.“
დავით ქაცარავა იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლება არასათანადოდ რეაგირებს. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა ბერკეტი აქვს მთავრობას არსებულ ვითარებაში, როდესაც ის ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გვპასუხობს, რომ საჭიროა უფრო მკაცრი პოზიციის დაკავება საერთაშორისო დონეზე. „ჩვენი ხელისუფლება არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სუსტად პოზიციონირებს. შეგახსენებთ, რომ ამას წინათ, უარი თქვეს უკრაინის წინადადებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიერთების თაობაზე. ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკას ემხრობა, ვიდრე მკაფიო და კონკრეტული პოზიციას დაფიქსირებას. შესაძლოა, ვინმემ იკითხოს, რომ იქნებ ეს პოლიტიკა უფრო სწორია, მაგრამ შესაბამის შედეგს ვერ ვხედავთ. შედეგი არის უარესი. იმედი მაქვს, ჩვენ, ჩვენი ქმედებებით ვაიძულებთ ხელისუფლებას გააქტიურდნენ“, ამბობს ქაცარავა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ექსპერტიზამ უნდა გამოკვეთოს მისი გარდაცვალების მიზეზები. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გარდაცვლილის ოჯახს მოლოდინი ჰქონდა გადმოსვენების თაობაზე. ახლა კი ოსური მხარე აცხადებს, რომ ექსპერტებს რუსეთიდან ელოდებიან. ოჯახის წევრები და საზოგადოებაც, ვინც უკიდურესადაა აღშფოთებული მომხდარით, ინციდენტის შემდგომ აქციებს არ წყვეტენ. თავდაპირველად ის ერგნეთში დაიწყო ორი დღის წინ, როდესაც ეგრეთწოდებულმა, სამოქალაქო გუშაგებმა მოითხოვეს ცხედრის გადმოსვენება. გუშინ და გუშინწინ აქცია ნატახტართან გაგრძელდა და დღეს საღამოს უკვე ცენტრალური, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის გადაკეტვით დასრულდა.
მოქალაქე გუშაგებთან ერთად აქ იყვნენ მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები. ნატახტართან აქციით მას სურდათ ხელისუფლება ეიძულებინათ უფრო ქმედითები იყვნენ რუსეთის წინაშე პოზიციონირებისას, მეორეს მხირვ კი ეს იყო საკუთარი პროტესტის დემონსტრირება იმ ადამიანების წინაშე, ვინც სწორედ საქართველოს სამხედრო გზის გავლით შემოდის და მიემგზავრება რუსეთისკენ. აქციის მონაწილეები ამ ქმედებით ხაზს უსვამენ, თუ რამდენად აგრესიული და უხეშია რუსული პოლიტიკა.
ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა მესიჯია საქართველოს ყველა მოქალაქისადმი. სწორედ ამ აქციიდან წაიყვანა გარდაცლილი ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მინისტრთან შესახვედრად. ავტობანი, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იყო გადაკეტილი. ნატახტართან აქციის საკონტროლებლად სპეც-დანიშნულების რაზმიც იყო მობილიზებული და ვითარება გარკვეულწილად, დაიძაბა კიდეც. ცენტრალურ ავტობანზე ხელისუფლებას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აღარ გამოუძახია.
ოსური მხარე საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაში აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედარს მას შემდეგ გადასცემენ, რაც მას რუსი ექსპერტები გამოიკვლევენ. მურატ ჯიოევის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალება ტრაგედიაა იმის მიუხედავად, რა საქმიანობას ეწეოდა იგი სამხრეთ ოსური სამართალდამცავი სტრუქტურების თანახმად და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ექსპერტიზის მასალები გადაგზავნილია რუსეთში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან იმის დასამტკიცებლად, რომ ეჭვი არავინ შეიტანოს წარმოებული გამოკვლევების სიზუსტეში. ჯიოევი ამბობს: „ქართულმა და ოსურმა მხარეებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ტატუნაშვილის სიკვდილს არ დაედოს პოლიტიკური სარჩული და კიდევ უფრო არ გაართულოს ისედაც რთული ურთიერთობა მხარეებს შორის“.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და მისი ცხედრის დაუბრუნებლობის გამო საპროტესტო აქციაზე შეკრებილი საქართველოს მოქალაქეები პასუხს ხელისუფლებისგან ითხოვდენ. მათ ორდღიანი ვადა მისცეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ცხედარი ოჯახს დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მასშტაბური აქციების ორგანიზებას აანონსებენ.
Facebook Forum