შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის დიპლომატიური უწყება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს.
დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჰედერ ნაუერტმა თქვა, რომ "შეერთებული შტატები გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთობლივი სამხედრო ძალის შექმნის შეთანხმების რატიფიკაციას."
მისივე თქმით, შეერთებული შტატები "არ აღიარებს ამ, ეგრეთწოდებული, 'შეთანხმების' ლეგიტიმურობას, როგორც საერთაშორისო შეთანხმებას".
"ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ურყევია: შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," აღნიშნა ნაუერტმა.
"შეერთებული შტატები ამ რატიფიკაციას აფასებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებთან შეუსაბამოს, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც რუსეთია. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, მისი სამხედრო ძალები დაუბრუნდეს ომამდელ პოზიციებს და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დამოუკიდებელ ქვეყნებად] აღიარება," დასძინა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
Facebook Forum