ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის КГБ –სთან კონტაქტი სიკვდილით დასრულდა


არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

დე–ფაქტო ცხინვალის КГБ ახალგორის მცხოვრების არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ იუწყება. საქართველოს მოქალაქეს ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მისი ნაცნობები იუწყებიან, რომ არჩილ ტატუნაშვილი სრულიად ჯანმრთელი იყო და ამ მხრივ არაფერს უჩიოდა.

დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტატუნაშვილი ახალგორში იმ ეჭვის საფუძველზე დააკავეს, თითქოსდა ის გენოციდის მოსაწყობად მიდიოდა სამხრეთ ოსეთში. ამის შემდგომ იგი ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად და წარუდგინეს ომში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც ტეტუნაშვილმა კომუნიკაციაზე უარი განაცხადა. ამის გამო ძალოვანებმა მისი იზოლატორში გადაყვანა გადაწყვიტეს.

გადაადგილების პროცესში ტატუნაშვილმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. მის მიმართ გამოყენებული იყო ფიზიკური ძალა და „სპეციალური მოწყობილობები“ – ასეა მითითებული დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში (ცხადია, იქ არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა იგულისხმება სპეციალურ მოწყობილობებში). შემდგომ ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაგორდა. ტრავმების გამო ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გარდაიცვალა.

შესაძლოა, იარაღითაც მოკლეს. თავისით რომ არ გარდაიცვლებოდა, აქ ამაში ეჭვი არავის ეპარება. ცხინვალში, შესაძლოა, აქამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი სამხედრო მოღვაწეობის შესახებ. მე ამას ვუკავშირებ მის სწორედ ახლა დაკავებას.
ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი

ტატუნაშვილის შესახებ დე–ფაქტო ადმინისტრაციის ვებგვეერდზე ორი მასალა დევს. ერთ–ერთის თანახმად, ტატუნაშვილმა გადაადგილების დროს პოლიციელს იარაღის წართმევა დაუპირა. მისი გარდაცვალების მიზეზი კი სუნთქვის უკმარისობა და გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოჩნდა.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალებში მართლაც ირიცხებოდა. ის მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო მისიებში. 2008 წელს, აგვისტოში ის დაბრუნდა საქართველოში ავღანეთიდან, თუმცა მისი სამხედრო კარიერა არ გაგრძელებულა. ის ახალგორში სოფელ ყანჩაეთში ცხოვრობდა, 2008 წლის შემდეგ კი დევნილად იქცა და წეროვანთან ახლოს მდებარე წილკანის დევნილთა ჩასახლებაში დასახლდა. ახალგორში, სოფელ ყანჩაეთში მას ბებია ჰყავს. წილკანში კი მშობლები და ძმის ოჯახი.

ტატუნაშვილი სხვა ორ ნაცნობთან იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად გადაადგილდებოდა, თუმცა ისინი სხვადასხვა ავტომანქანით მოძრაობდნენ (ტატუნაშვილ საკუთარი, "მერსედესის" მარკის ავტომანქანით ბოსტნეული და ხილი გადაჰქონდა). ახალგორიდან ორიოდე კილომეტრში მდებარე სოფელ მოსაბრუნთან დილის საათებში ორივე მანქანა ეგრეთ წოდებულმა "ომონმა" გააჩერა, რის შემდგომაც სამივე ცხინვალში გადაიყვანეს.

"ამერიკის ხმა" ნუგზარ თინიკაშვილს, ახალგორის გამგებელს ესაუბრა, რომელიც პირადად იცნობდა ტატუნაშვილს. გამგებელს ცხინვალის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ ტატუნაშვილი მოკლულია:

„ის სამხედრო სამსახურში იყო 2011 წლამდე ხელშეკრულებით. 2008 წელს გამოიძახეს ავღანეთიდან, ომის დროს, რაც მოასწრო, ჩაერთო ომში და სავარაუდოდ, ეს იქცა მისი დაკავების მიზეზად. ის დააკავეს და მოკლეს. ხაზს ვუსვამ – მოკლეს. ამას რომ ვამბობ, იმას ვეყრდნობი, რომ ის იყო სრულიად ჯანმრთელი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. გამორიცხულია, დაცემულიყო და ამის გამო გარდაცვლილიყო", - ამბობს გამგებელი და დასძენს, რომ ის ძალადობის მსხვერპლი გახდა.

არჩილ ტატუნაშვილი
არჩილ ტატუნაშვილი

"შესაძლოა, იარაღითაც მოკლეს. თავისით რომ არ გარდაიცვლებოდა, აქ ამაში ეჭვი არავის ეპარება. ცხინვალში, შესაძლოა, აქამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი სამხედრო მოღვაწეობის შესახებ. მე ამას ვუკავშირებ მის სწორედ ახლა დაკავებას. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული სხვა ორი პიროვნების მიმართ ძალადობის განხორციელების მსგავსი მიზეზი არ აქვთ, იმედი მაქვს, ისინი ჯანმრთელად იქნებიან“, - ამბობს თინიკაშვილი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში არ გარდაცვლილა. ის იქ უკვე მოკლული მიიყვანეს.

ტატუნაშვილის შესახებ რამდენიმე წინააღმდეგობრივი მომენტი არსებობს: ერთის მხრივ, დე–ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ სამხრეთ ოსეთში იცოდნენ ტატუნაშვილის წარსულის შესახებ და იმის თაობაზეც, რომ ის ქართულ ჯარში მსახურობდა. მეორეს მხრივ კი ფაქტია, რომ ტატუნაშვილი ახალგორში პირველად არ გადაადგილდებოდა, მას იქ სახლი ჰქონდა, სადაც ხშირად მიდიოდა ეგრეთ წოდებული „პროპუსკის“ გამოყენებითა და გამშვები პუნქტის გავლით. თუ დე–ფაქტო ადმინისტრაციამ იცოდა ტატუნაშვილის წარსული და მას აქამდე არ უკრძალავდა გადაადგილებას, რატომ იქცა ეს საკითხი პრობლემად მოულოდნელად? ტატუნაშვილის ნაცნობები ეჭვობენ, რომ მისი ქართულ ჯარში სამსახურის თაობაზე ინფორმაციას ცხინვალში, სინამდვილეში არ ფლობდნენ და ის სწორედ ახლა გახდა მათთვის ცნობილი.

ჯერჯერობით უცნობია იმ ორი მოქალაქის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის მდგომარეობის შესახებ, ვინც ტატუნაშვილთან ერთად დააკავა ცხინვალის "ომონმა". სავარაუდოდ, ისინი ცხინვალის იზოლატორში უნდა იმყოფებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილი მესამე მსხვერპლია. 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის პოლიციაში ყოფნის შემდგომ გაუჩინარდა 19 წლის დავით ბაშარული, რომელიც 2015 წლის იანვარში იპოვეს გარდაცვლილი ტყეში, ახალგორის მახლობლად. ნიშანდობლივია, რომ ის უკანასკნელად ცოცხალი ახალგორის პოლიციიდან გამოსული ნახეს. ამის შემდგომ მისი კვალი დაიკარგა. ექსპერტიზის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას კი ქართული მხარე წლების განმავლობაში ითხოვდა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამჯერადაც ითხოვს ცხინვალის ადმინისტრაციისგან ცხედრის გადმოსვენებას სათანადო ექსპერტიზის ჩატარებისთვის, რაც გამოკვეთს ტატუნაშვილი გარდაცვალების მიზეზებს. ამის შესახებ პასუხი დე–ფაქტო ადმინისტრაციას ჯერ არ გაუცია.

ამდენად, პოლიციასთან კონტაქტის შემდგომ გარდაცვლილი ახლა მხოლოდ ბაშარული აღარაა, სამწუხარო და ტრაგიკული სტატისტიკა ტატუნაშვილის ამბავმა დამატებით შეავსო.

2016 წლის 19 მაისს ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე კი მიჯრით სროლის შედეგად აფხაზი მესაზღვრის მიერ 31 წლის გიგა ოთხოზორია გარდაიცვალა, რომლის მკვლელი ცნობილია, თუმცა დე–ფაქტო ადმინისტრაციას ის არ დაუსჯია. გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა ჯეროვნად მოკვლეული არაა დე–ფაქტო რეჟიმების მხრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG