ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი დავოსში: ფუჭია რუსეთის მოლოდინი, რომ შევეგუებით ჩვენი მიწების ოკუპაციას


დავოსი-2018: დისკუსია "სტრატეგიული პერსპექტივა - ევრაზია"
დავოსი-2018: დისკუსია "სტრატეგიული პერსპექტივა - ევრაზია"

საქართველომ უნდა ეძებოს შეხების სფეროები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება ამოსავალი წერტილი გახდეს, ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრისთვის, პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

სტრატეგიული პერსპექტივა - ევრაზია (Strategic Outlook: Eurasia) - ასე ერქვა დავოსის ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერის გარდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ყაზახეთის ვიცე პრემიერმა ერბოლატ დოსაევმა, რუსული სატელეკომინიკაციო გიგანტის VEON-ის (ყოფილი VimpelCom) პრეზიდენტმა ჟან-ივ შარლემ და ამერიკული ჟურნალის Foreign Policy-ის მთავარი რედაქტორმა ჯონათან ტეპერმანმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ვაჭრობა და ტურიზმი, ასევე, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები, შეიძლება იყოს ის სფეროები, სადაც რუსეთთან საერთო ინტერესების გამონახვა შეიძლება.

ამავე დროს, კვირიკაშვილის თქმით, „რუსეთი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული სამხრეთით სტაბილური მეზობლის“ არსებობით და „საქართველოს ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია დიდ პრობლემას წარმოადგენს“.

რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას"
გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი

„რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას“, როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები,“ თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სტრატეგიულ პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება და მიუხედავად, რუსეთის პოზიციისა NATO-საქართველოს დაახლოებაზე, ეს „ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებაა“ და „არ არის მიმართული რეგიონში ვინმეს წინააღმდეგ“.

ეკონომიკაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერი შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, რომლებიც ქვეყნის სატრასპორტო რუქას ცვლის და უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა ჩინეთიდან ევროკავშირამდე, მსოფლიო ბაზრებზე სავაჭროდ.

ქართული დემოკრატიის მთავარ გამოწვევად კი პრემიერმა კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და სიღარიბე დაასახელა:

დღესდღეობით დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა. ეს მართლაც არის დიდი გამოწვევა“

„დღესდღეობით დემოკრატიის ხარისხს საქართველოში გამოწვევის სახით შეიძლება დაემუქროს სოციალური მდგომარეობა. ეს მართლაც არის დიდი გამოწვევა, რომელიც ეხება ეკონომიკურ განვითარებას და ზოგადად, სიღარიბესთან ბრძოლას ქვეყანაში - ეს არის ქვეყნის განვითარების წინაშე მდგარი უდიდესი გამოწვევა“.

დავოსის 48-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერს პირისპირ შეხვედრები ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ყირგიზეთის პრემიერ საპარ ისაკოვთან, ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს მაროშ შევჩოვიჩთან. ასევე ამერიკული კომპანია Hillwood-ის, არაბული Lulu Group-ის, ინდური Wipro-სა და JSW Group-ის პირველ პირებთან.

შეხვედრა Wipro-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯასტინ დალალთან
შეხვედრა Wipro-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯასტინ დალალთან

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 1971 წლიდან იმართება და მისი დამფუძნებელი და უცვლელი აღმასრულებელი თავმჯდომარე, შვეიცარიაში მცხოვრები გერმანელი ეკონომისტი კლაუს მარტინ შვაბია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG