ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხედრით ვაჭრობა გრძელდება: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა


შვილმკვდარი მამა გიორგი ტატუნაშვილი ცხინვალში მოკლული ვაჟის ცხედარს მესამე კვირაა უშედეგოდ ელის
შვილმკვდარი მამა გიორგი ტატუნაშვილი ცხინვალში მოკლული ვაჟის ცხედარს მესამე კვირაა უშედეგოდ ელის

მე-18 დღეა, ცხინვალში წამებით მოკლული, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მორგში ასვენია. არაერთი მიმართვისა და თხოვნის მიუხედავად, კრემლი და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები საქართველოს არმიის ყოფილი ჯარისკაცის ცხედრით ვაჭრობას ამ დრომდე განაგრძობენ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშედეგო მიმართვების შემდეგ, (რომელსაც ოკუპირებული ცხინვალიდან ირონიით უპასუხეს) დღეს, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თხოვნით, თბილისიდან, მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის სახელზე კიდევ ერთი წერილი ქართველმა ხელოვანებმა გაგზავნეს.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე ცხინვალის მორგში რჩება
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ამ დრომდე ცხინვალის მორგში რჩება

წერილში, რომელსაც თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ვკითხულობთ: „ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართულ-რუსულ ურთიერთობას“. ერთ-ერთი ხელმომწერი, საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი ირმა სოხაძე მოსკოვში წერილის გაგზავნის მიზეზს ასე ხსნის:

შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ჩვენს წერილზე და ხელმოწერებზე პუტინი გაგიჟდება, ხვალვე გადმოსცემს ცხედარს ოჯახს და საერთოდ დაგვანებებს თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამიტომ მოდით სუყველა სირაქლემის პოზაში დავდგეთ"
ირმა სოხაძე, საქართველოს სახალხო არტისტი

„შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ჩვენს ხელმოწერებზე პუტინი გაგიჟდება, ხვალვე გადმოსცემს ცხედარს ოჯახს და საერთოდ დაგვანებებს თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამიტომ მოდით სუყველა დავდგეთ სირაქლემის პოზაში და რუსეთს თუ არ ვაგინებთ, არ ვცადოთ, რომ არანაირი კონტაქტი ამ ქვეყანასთან დავამყაროთ, ქვეყანასთან, რომლისგანაც ამდენი უბედურება გვჭირს.“

წუხელ და დღეს მცხეთის პოლიციაში, რამდენიმე საათის მანძილზე კითხავდნენ ახალგორელებს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს, რომლებსაც ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება 11 მარტს საღამოს მისცეს.

ქსნის ერისთავების ძეგლი ოკუპირებული ახალგორის ცენტრში და ოკუპანტების პროპაგანდისტული ბანერები
ქსნის ერისთავების ძეგლი ოკუპირებული ახალგორის ცენტრში და ოკუპანტების პროპაგანდისტული ბანერები

22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სწორედ ქუტაშვილთან და პავლიაშვილთან ერთად დააკავეს, 23 თებერვალს, ცხინვალის იზოლატორში ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ კი ამ პირებს ოკუპირებულ ახალგორში შინაპატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული და საბუთები ჩამორთმეული.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს, მათ ოკუპირებული ტერიტორია დედებთან ერთად დატოვეს, თუმცა ახალგორში დარჩნენ მათი მამები და ახლო ნათესავები. შესაბამისად უცნობია, რამდენად ღირებული ინფორმაციის მიწოდება შეძლეს მათ პოლიციისა და მთავრობის წევრებისთვის, რომლებიც ახალგორიდან გადმოსულებს მცხეთაში წუხელვე შეხვდნენ.

მე-18 დღეა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო, საქართველოს პარლამენტი ვერ ახერხებს რეზოლუციის მიღებას, სადაც რუსეთის მოქმედება დაგმობილი იქნება. ოპოზიცია ითხოვს, რომ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად, შეიქმნას „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და ამ სადისტურ მკვლელობებზე პასუხისმგებელი კონკრეტული საჯარო თუ სამხედრო პირების მიმართ საერთაშორისო სანქციები დაწესდეს. მმართველ „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ოპოზიციას რეზოლუციის საკუთარი ვარიანტი შესთავაზეს და ტექსტზე შეჯერებას დრო სჭირდება.

ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მთავრობის წევრები ხვდებიან
ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს მთავრობის წევრები ხვდებიან

დღეს, პარლამენტს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი სტუმრობდა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უნდა გადაეცეს და აუცილებელია რეზოლუციას პარლამეტში მრავაპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს:

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ოჯახი ვერ იბრუნებს ცხედარს და არ აქვს შესაძლებლობა როგორც წესი ისე მიაგოს პატივი. საჭიროა დადგინდეს სიმართლე, გარდაცვალების გარემოება, ჩატარდეს გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. მნიშვნელოვანია პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს. უფრო მეტი ძალა იქნება თუ რეაგირება მრავალპარტიული იქნება. აქცენტი პასუხისმგებლობაზე უნდა გაკეთეს“
იან კელი, საქართველოში აშშ-ს ელჩი

„„ტატუნაშვილის საქმეზე არსებობს ორი ძირითადი მიმართულება. პირველი ჰუმანიტარულ საკითხს უკავშირდება. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ოჯახი ვერ იბრუნებს ცხედარს და არ აქვს შესაძლებლობა როგორც წესი ისე მიაგოს პატივი. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ ფერხდება ცხედრის გადმოცემა.

მეორე მიმართულება უფრო პოლიტიკურია, მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი პასუხისმგებლობას ეხება. საჭიროა დადგინდეს სიმართლე, გარდაცვალების გარემოება, ჩატარდეს გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. ასე რომ საერთაშორისო გაერთიანების ყურადღება მიპყრობილია რუსეთისა და ცხინვალის რეგიონისკენ. მნიშვნელოვანია პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს. უფრო მეტი ძალა იქნება თუ რეაგირება მრავალპარტიული იქნება. აქცენტი პასუხისმგებლობაზე უნდა გაკეთეს.“

ბოლო 18 დღის განმავლობაში, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების შესაძლო თარიღი, ოკუპირებულ ანკლავში რამდენჯერმე შეცვალეს. ცხინვალში იმიტირებული „მიტინგიც“ კი გამართეს, სადაც ითხოვდნენ რომ ცხედარი ქართულ მხარეს არ გადასცემოდა. სეპარატისტების ლიდერი ბიბილოვი ამბობს, რომ „ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას „ადგილობრივი კანონებით“ ერთი თვე მაინც სჭირდება.“

შვილის ცხედრის დაბრუნების მოლოდინში მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, დევნილთა ჩასახლებაში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან ტატუნაშვილის მშობლები და ახლო ნათესავები, მათი ჭირი დღეს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ გაიზიარა, რომელმაც ბრძანა, რომ „ოკუპირებული და დაპყრობილი ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს უდიდესი ჭრილობაა.“

P.S მასალა ეთერისთვის უკვე მზად იყო, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ კვირიკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა: „მოსკოვში ყურადღებით გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. "

რუსეთის საგარეოს განცხადებაში, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში "სამწუხარო ინციდენტად" არის მოხსენიებული, თუმცა არაფერია ნათქვამი, ცხედრის გადმოსვენების თარიღზე.

რუსეთის მიეღ აღმართული საოკუპაციო ხაზი
რუსეთის მიეღ აღმართული საოკუპაციო ხაზი

XS
SM
MD
LG