ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რეიტინგი აგვისტოს დასაწყისის მონაცემებით, 40%-ია. იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისში ჩატარებულ გამოკითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის შემდეგ, პრეზიდენტის მოწონების მაჩვენებელი არ შეცვლილა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეკონომიკაზე შეშფოთებამ გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამერიკელებს პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებისას. ეს კი ხდება იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია ქვეყანაში მცირდება.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Reuters/Ipsos-მა ჩაატარა და ის სამი დღის განმავლობაში ონლაინ მიმდინარეობდა. ამერიკელებს ეკითხებოდნენ, როგორ აფასებენ პრეზიდენტის საქმიანობას.
გამოკითხულთა დაახლოებით 54%-მა თქვა, რომ არ მოსწონთ დემოკრატი პრეზიდენტის ნაბიჯები, ხოლო 6% დარწმუნებული არ არის, ან არ პასუხობს კითხვას. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია.
ეკონომიკა, უმუშევრობა და სამუშაო ადგილები რჩება ამერიკელების მთავარ საზრუნავად. გამოკითხულთა მეხუთედი ამ საკითხებს ასახელებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს ამერიკა დგას. ამერიკელთა 60%-მა, მათ შორის ყოველმა მესამე დემოკრატმა, განაცხადა, რომ არ მოსწონთ, როგორ მართავს პრეზიდენტი ბაიდენი ინფლაციას.
ამერიკა ბაიდენის პირობებში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ინფლაციას უმკლავდება, თუმცა ფასების ზრდის ტემპი ბოლო დროს მკვეთრად დაეცა. ეკონომიკური ზრდა მცირე იყო, მაგრამ უმუშევრობის დონე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ეკონომიკაზე წუხილი იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, 2024 წლის არჩევნების დროს. ყოველი მეხუთე რესპონდენტი, ვინც 2020 წელს ბაიდენს მისცა ხმა, ამბობს რომ არაა დარწმუნებული, ვის მისცემს ხმას ამჯერად.
უახლესი გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტის რეიტინგი 40%-ია და ცდომილების ზღვარშია გასულ წლის შუა პერიოდის 36%-იან მაჩვენებელთან შედარებისას.
Facebook Forum