პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის დაცვის მიერ პროკურორებისთვის შეთავაზებულ შეთანხმებას 26 ივლისს წინააღმდეგობა შეხვდა. მოსამართლემ ოთხშაბათს თქვა, რომ საქმის გადასახედად მას მეტი დრო ესაჭიროება. საუბარია შეთანხმებაზე, რომელიც იარაღის თაობაზე ბრალის წაყენების თავიდან ასარიდებლად, ჰანტერ ბაიდენის მხრიდან საგადასახადო საკითხზე ბრალის აღიარებას ითვალისწინებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ბაიდენის ლეგალური პრობლემები დარჩება ამერიკის პრეზიდენტის გარშემო იმ დროს, როდესაც ის 2024 წლის საარჩევნო კამპანიას შეუდგა. მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კონგრესში ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელებმა შეთანხმება გააკრიტიკეს როგორც უსამართლო, რომელიც პრეზიდენტის ვაჟს უპირატესობას ანიჭებს.
საქმის მოულოდნელი შეტრიალება მოხდა იმ დროს, როდესაც ბრალის აღიარების ფორმალური მოსმენა სამსაათიან საქმედ გადაიქცა. იურისტების მოლაპარაკებებს და საოლქო მოსამართლე მარიელენ ნორეიკასგან კითხვებს საბოლოო ჯამში საქმის გაჭიანურება მოჰყვა.
„დღეს ბრალის აღიარების შეთანხმებას ვერ მივიღებ,“ თქვა მოსამართლემ. მან მხარეებს სთხოვა, მოკლე წერილობითი ფორმით შეატყობინონ, თუ რატომ უნდა მიიღოს მან ეს შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ ბაიდენის ადვოკატებმა და პროკურორებმა ის ჯერ კიდევ უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ მოსამართლემ დაამტკიცოს შეთანხმება, რომელზეც წინასწარ მოილაპარაკეს, ან გადააკეთონ და ისეთი ფორმა მისცენ, რომ მოსამართლემ ის მიიღოს.
ჰანტერ ბაიდენმა თქვა, რომ საგადასახადო საკითხზე ბრალს არ აღიარებს, თუ იარაღის საკითხზე სამართლებრივი დევნის თავიდან აცილებაზე შეთანხმება არ იქნება დადებული.