ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი დათანხმდა ბრალის აღიარებას საშემოსავლო გადასახადების გადაუხდელობასთან დაკავშირებით. ის აპირებს, რომ თავი დამნაშავედ ცნოს და დადოს საპროცესო შეთანხმება, რომელიც მას საშუალებას მისცემს აირიდოს ნასამართლეობა იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებაში, ნათქვამია სამშაბათს სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰანტერ ბაიდენს ბრალდებები მას შემდეგ წაუყენეს, რაც დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა პროკურორმა, დევიდ ვეისმა, პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
52 წლის ჰანტერ ბაიდენი დონალდ ტრამპს დიდი ხანია მიზანში ჰყავს ამოღებული. ტრამპის იმპიჩმენტის საქმეც, სწორედ ჰანტერ ბაიდენზე ინფორმაციის მოპოვების გზებს ეხებოდა. ტრამპი და მისი რესპუბლიკელი თანამოაზრეები ამბობენ, რომ ჰანტერ ბაიდენი უკრაინასა და ჩინეთში გარკვეულ არაკანონიერ საქმიანობებში იყო ჩართული. პრეზიდენტის შვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც ლობისტი, ბანკირი და არტისტი.
სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, ჰანტერ ბაიდენმა 2017-2018 წლებში 1,5 მილიონზე მეტი შემოსავალი მიიღო, თუმცა საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადა.
მისი ადვოკატი, კრისტოფერ კლარკი ამბობს, რომ მთავრობა ასევე აპირებს, რომ ბაიდენს ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებული ბრალდებაც წარუდგინოს, რაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდება და ამ ბრალდების გამო ბაიდენი ციხეში არ მოხვდება.
"როგორც მესმის, ჰანტერის წინააღმდეგ წარმოებული 5-წლიანი გამოძიება დასრულდა",- თქვა კლარმა. "ჰანტერს სჯერა, რომ პასუხისმგებლობის აღება იმ შეცდომებზე, რომელიც მან თავისი ცხოვრების იმ პერიოდში დაუშვა, როდესაც [ნარკოტიკებზე] იყო დამოკიდებული, ძალიან მნიშვნელოვანია",- ამბობს პრეზიდენტის შვილის ადვოკატი.