ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის თქმით, აღმოსავლეთის ფრონტზე რთული ვითარებაა


უკრაინამ ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთში კონტრშეტევის ფარგლებში, მერვე სოფელი დაიბრუნა, მაგრამ რუსეთის ძალები აღმოსავლეთში თავდასხმებს აძლიერებდნენ და ინიციატივის დაბრუნებას ცდილობდნენ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელ ჯარისკაცებს ქვეყნის დროშები უჭირავთ და ამბობენ, რომ პიატიხატკის დასახლებაში, სამხრეთში იმყოფებიან - რუსეთის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამაგრებული პოზიციისკენ მიმავალ გზაზე.

ზაპორიჟიის რეგიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების თქმით, უკრაინის ძალებმა დაიბრუნეს პიატიხატკი, მაგრამ მოგვიანებით მათ ისინი განდევნეს და დასახლება ახლა კონტროლის "ნაცრისფერ" ზონაშია მოქცეული.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა არა მხოლოდ დაიბრუნეს პიატიხატკი, არამედ კონტრშეტევის ფარგლებში, ბოლო 2 კვირაში შვიდი კმ-ით დაწინაურდნენ რუსეთის თავდაცვის ხაზების მიღმა.

„ორკვირიანი შეტევითი ოპერაციების განმავლობაში ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით, რვა დასახლება განთავისუფლდა“, - წერს მალიარი სოციალურ ქსელ Telegram-ზე.

მაგრამ მოგვიანებით განცხადებაში მან თქვა, რომ ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე "რთულია": "მტერმა გაიყვანა თავისი ძალები და აქტიურად უტევს ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით და ცდილობს ინიციატივა აიღოს. ფიქსირდება მტრის დაბომბვის მაღალი აქტივობა. გრძელდება ცხელი ბრძოლები“, - თქვა მან.

მალიარმა თქვა, რომ რუსეთმა აღმოსავლეთში ქვედანაყოფების მნიშვნელოვანი რაოდენობა განათავსა, მათ შორის საჰაერო თავდასხმის ჯარები, მაგრამ უკრაინული ძალები მათ წინსვლაში ხელს უშლიან.

მასალაში გამოყენებულია ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ მასალა. „როიტერს“ ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG