რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები პირველი ორი პრაიმერისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ის, თუ ვინ იქნება საბოლოო ნომინაციის მფლობელი, დიდად არის დამოკიდებული პირველ ორ არჩევნებზე, რომლებიც ჯერ 3 იანვარს აიოვაში და შემდეგ 10 იანვარს ნიუ ჰემფშირში გაიმართება.
უკანასკნელი გამოკითხვებით, რომლებიც USA Today და Gullop Organization-მა ჩაატარა, ლიდერობას ამჯერად წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი, ფლობს. მას რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 22 პროცენტი უჭერს მხარს. მეორე ადგილზე 21 პროცენტით იმყოფება მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი. ჯორჯიელ ბიზნესმენს, ჰერმან კეინს, 16 პროცენტი აქვს, ტეხასელ კონგრესმენ რონ პოლს კი - მხოლოდ 9.
“რესპუბლიკელთა არჩევნები წელს ყველაზე ქაოტური და არაპნოგნოზირებადია, რაც კი როდესმე მინახავს“, ამბობს სტიუარტ როტენბერგი, დამოუკიდებელი პოლიტიკური გამოცემის „Rothenberg Political Report” რედაქტორი და გამომცემელი.
„ჯერჯერობით მხოლოდ ერთი რამ ვიცით გარკვევით: რესპუბლიკური პარტიის მეოთხედს კანდიდატად მიტ რომნის დასახელება სურს. დანარჩენ სამ მეოთხედს კი ის არ მოსწონს“ - აღნიშნავს ბატონი როტენბერგი.
ჰერმან კეინი მიტ რომნის სერიოზულ კონკურენციას უწევდა, სანამ მისი წარსულის გამო სექსუალური სკანდალი აგორდებოდა. რაზეც მან ახლახან განაცხადა:
“იცით რას გამოყავს წყობიდან ყველაზე მეტად ლიბერალები და ჩემი რესპუბლიკელი კონკურენტები? იმას, რომ ორი კვირის მანძილზე ტალახს მესროდნენ და მე კი ენთუზიაზმი არ დამიკარგავს და ძველებურად ვიღიმები“.
„ეი-ბი-სის“ პოლიტიკური მიმომხილველი, მეთიუ დოუდი, თვლის, რომ კეინის ავტორიტეტი და პოპულარობა საკმაოდ დაზარალდა იმ ორი კვირის მანძილზე და სწორედ ამით აიხსნება ნიუტ გინგრიჩის წინა პლანზე გამოსვლა.
„მიმაჩნია, რომ მისი ვარსკვლავი ჩაესვენა და მას შემდეგ, რაც კანდიდატებმა ამ ზაფხულს გამოიარეს, მთავარი, შთამბეჭდავი ბრძოლა მხოლოდ ორ მათგანს -ნიუტ გინგრიჩს და მიტ რომნის- შორის გაიმართება“ - აღნიშნავს ის.
აიოველ რესპუბლიკელთა შორის ჩატარებულ გამოკითხვაშიც გინგრიჩი, რომნი, კეინი და პოლი ზედა ოთხეულში არიან. შტატის პრაიმერის მოგება მათ შორის ერთს ძალზე დიდ უპირატესობას მიანიჭებს.
ერთ-ერთი საინტერესო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც „Bloomberg News”-მა ჩაატარა, რესპუბლიკელთა 60 პროცენტს ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია და მათ შეიძლება აზრი ბოლო მომენტში შეიცვალონ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს წლევანდელი არჩევნების გაურკვევლობაზე და მის ქაოტურ ხასიათზე.
ანალიტიკოსი როტენბერგის აზრით ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ის არის, რომ კონსერვატორ რესპუბლიკელთა უმეტესი ნაწილი დიდად არ არის მონდომებული მიტ რომნის დაუჭიროს მხარი. ისინი რომნის საკმარისად კონსერვატორ კანდიდატად არ აღიქვამენ და ეს მათ ძალიან აღელვებთ. ამასთან რომნი სხვადასხვა საკითხებზე შეხედულებებს ხშირად იცვლის და ეს ფაქტორიც მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. კონსერვატორები მას არ ენდობიან და არ არიან დარწმუნებულნი იმაში, თუ სინამდვილეში რა ნაბიჯებს გადადგამს რომნი, თუკი ის თეთრი სახლის ბინადარი გახდება.
სულ რამდენიმე კვირაში, 2012 წლის იანვრიდან რესპუბლიკელთა ლიდერი უფრო მეტად გამოიკვეთება და მალე გავიგებთ, თუ ვინ იქნება პრეზიდენტ ობამას კონკურენტი მომავალ არჩევნებზე.