ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები საგარეო დახმარების წინააღმდეგ


მიტ რომნი და რიკ პერი
მიტ რომნი და რიკ პერი

შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ფორმალურად 3 იანვარს დაიწყება, როდესაც აიოვას შტატში რესპუბლიკელების პირველი კენჭისყრა ჩატარდება და პარტიის კანდიდატი გამოვლინდება, რომელიც ამჟამინდელ პრეზიდენტს ბარაკ ობამას დაუპირისპირდება. რესპუბლიკელი კანიდიდატების დებატებში უმთავრესი თემები შიდა ეკონომიკა და უმუშევრობაა. საგარეო პოლიტიკური საკითხები კი ძირითადად ამერიკული დახმარების ირგვლივ არის კონცენტრირებული. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯიმ მალონი არკვევდა.

ლას ვეგასში გამართული ბოლო დებატების დროს, რამდენიმე რესპუბლიკელმა კანდიდატმა ნათლად განაცხადა, რომ ისინი გამარჯვების შემთხვევაში საგარეო დახმარების შეკვეცას აპირებენ. მათ შორის ტეხასის გუბერნატორი რიკ პერიც იყო.

„ვფიქრობ დროა ქვეყანაში დაიწყოს რეალური დებატები საგარეო დახმარების შესახებ“ - განაცხადა რიკ პერიმ.

ჩაის სმის მოძრაობის ფავორიტი ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი, ფედერალური მთავრობის შემცირებას ემხრობა და ამბობს, რომ ამერიკული წარმოება უკან უნდა დაბრუნდეს.

„კონსტიტუცია არ გვანიჭებს იმის უფლებას, რომ თქვენი ფული მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებს გადავუგზავნოთ. ჩემთვის საგარეო დახმარება ეს არის ღარიბი ხალხისთვის ფულის წართმევა და სხვა ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის გაგზავნა,“ - აღნიშნა პოლიმ.

მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საგარეო დახმარებას აუცილებლად შეამცირებს.

„ვფიქრობ აზრი არ აქვს, როცა ფულს ვსესხულობთ ჩინეთიდან და ვაძლევთ სხვა ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარების სახით. ჩვენ ჩინელებს უნდა მივცეთ საშუალება იზრუნონ ამ ხალხზე,“ - ამბობს რომნი.

ბოლო გამოკითხვების თანახმად, რესპუბლიკელებში მიტ რომნი და ჯორჯიელი ბიზნესმენი ჰერმან კეინი ლიდერობენ.

საგარეო დახმარების შეკვეცის შესახებ რესპუბლიკელთა მოთხოვნას მკაცრი კრიტიკა მოყვა ევანგელისტურ-ქრისტიანული სტრუქტურების მხრიდან. მათ საგარეო დახმარების შეკვეცის სურვილს „უპასუხისმგებლო და ამორალური“ უწოდეს. რიჩარდ ჩიზიკი „ახალი ევანგელისტური პარტნიორობის“ პრეზიდენტია.

„ასეთი სახის პროგრამები ჩვენი სასიცოცხლო ინტერესის სფეროა და ევანგელისტური თვალსაზრისით ის ბიბლიურ ფასეულობებს ასახავს, ანუ იმას რომ უნდა ვიზრუნოთ სხვა ადამიანებზე,“- ამბობს ჩიზიკი.

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსები ამერიკულ საზოგადოებაზეც საუბრობენ, რომელიც საგარეო დახმარების შეკვეცას ემხრობა. ჰიტერ ჰულბურტი ეროვნული უსაფრთხოების ქსელის აღმასრულებელი დირექტორია.

„როდესაც საზოგადოებრივი აზრის კვლევას აწარმოებ, ამერიკელი მოქალაქეები ექსტრაორდინალურად უყურებენ იდეას, რომ ჩვენ გლობალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც სხვა ხალხებთან მჭიდროდ ვართ დაკავშირებული და ჩვენი ვალი ხალხების დახმარება."

მისი თქმით, ამ თემაზე დაბნეულობის კიდევ ერთი ფაქტორი ის არის, რომ ამერიკელებმა არ იციან, თუ რა მცირე პროცენტით აისახება საგარეო დახმარება ფედერალურ ბიუჯეტზე.

„ამერიკის საგარეო დახმარება ყოველწლიურად მთავრობის დანახარჯების ერთ პროცენტს შეადგენს. გამოკითხული ამერიკელები კი ფიქრობენ, რომ ეს არის სადღაც 20 პროცენტი, ზოგის აზრით 5-დან 10 პროცენტამდე,“ - ამბობს ჰულბურტი.

საგარეო დახმარების შეკვეცის საკითხი 15 ნოემბერს კიდევ ერთხელ დადგება, როდესაც რესპუბლიკელი კანდიდატები საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამართავენ დებატებს.

XS
SM
MD
LG