ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი აცხადებს, რომ ტრამპთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ აქვს


კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასასრულებელ სამშვიდობო შეთანხმებაზე მზარდი საუბრების ფონზე, ამჟამად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

22 დეკემბერს ტრამპმა კონსერვატორთა ყრილობას უთხრა, რომ პუტინის თქმით, მას ტრამპთან “რაც შეიძლება მალე შეხვედერა სურს”.

ამის პასუხად კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა 23 დეკემბერს “ტასს”-ს უთხრა რომ ”ამ დროისთვის არ იყო რეალური იმპულსები” იმისთვის, რომ პუტინი ტრამპს იანვარში მის ინაუგურაციამდე შეხვდეს.

ბოლო კვირებში რუსეთსა და უკრაინას შორის ბრძოლა გაძლიერდა. მოსკოვი უკრაინის ტერიტორიისკენ დრონების და რაკეტების ტალღებს უშვებს და მისი სამიზნე მეტწილად სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურაა.

კიევმა საპასუხო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე ნავთობისა და სხვა ენერგეტიკულ სამიზნეებს მიაყენა და უქმეებზე ყაზანში, ნავთობით მდიდარ თათარსტანის დედაქალაქში მაღალსართულიან შენობებს დაარტყა.

გასულ კვირაში პუტინმა ყოველწლიურ კონფერენციაზე, როცა ის სხვადასხვა კითხვას პასუხობს ხოლმე, ვაშინგტონის და დასავლეთის აუდიტორიისთვის არაერთხელ თქვა, რომ რუსეთი კომპრომისისთვის მზადაა, მაგრამ კომპრომისის იდეას უამრავი წინაპირობა დაურთო. პუტინმა მიანიშნა, რომ მოსკოვს უკრაინის დაქვემდებარება სურს. ასევე ძალაში რჩება მოსკოვის სურვილი, ნატოსგან და დასავლეთისგან უსაფრთხოების ფართო გარანტიები მიიღოს და ამასთანავე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურ ლიდერად არ მიიჩნევს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, ორივე მხრიდან მილიონზე მეტი ადამიანი დაიჭრა ან მოკვდა. დასავლეთის ქვეყნები უფრო აქტიურად საუბრობენ ომის დასრულებაზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსკოვში, კიევში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში დიპლომატები, არჩეული ლიდერები, და სამხედრო ოფიცრები დახურულ კარს მიღმა ემზადებიან იმისთვის, რაც სავარაუდოდ იქნება "სრული ძალებით შეტევა" მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის მიწაზე უდიდესი ომის დასასრულებლად.

XS
SM
MD
LG