ორშაბათს გვიან ღამით გამართულ დებატებზე მთავარი თემა მთავრობის საპენსიო სისტემის მომავალი, ე.წ. სოციალური უზრუნველყოფის თემა გახდა. ასაკოვან ამერიკელთა დიდი ნაწილი მასზე ნაწილობრივ მაინცაა დამოკიდებული. სოცუზრუნველყოფის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სისტემაში სასწრაფო გარდაქმნები თუ არ განხორციელდა, ორგანიზაცია დაახლოებით 25 წელიწადში საპენსიო პროგრამებს ვეღარ დააფინანსებს.
მასაჩუსეტის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ იერიში მთავარ მეტოქეზე, ტეხასის გუბერნატორ რიკ პერიზე, მიიტანა. რიკ პერიმ პირველ დებატებზე ფედერალურ საპენსიო პროგრამას „თაღლითური ხრიკი“ უწოდა. რომნი ცდილობდა დაეზუსტებინა, მართლაც ასე ფიქრობდა ტეხასელი გუბერნატორი, თუ არა.
“თქვენ კიდევ გჯერათ, რომ სოცდაზღვევა, როგორც ფედერალური პროგრამა საერთოდ უნდა გაუქმდეს? თქვენს მიერ ექვსი თვის წინ გამოცემულ წიგნში სწორედ ეს იდეა იყო განვითარებული“.
პერის პასუხი ამჯერად შედარებით ზომიერი იყო. მან განაცხადა, რომ ორგანიზაციას გადარჩენისთვის სისტემური რეფორმა ესაჭიროება.
„პენსიონერთა დაშინების მაგივრად, რასაც თქვენ და ბევრი სხვაც აკეთებს, სჯობს ლეგიტიმურ ცვლილებებზე ვილაპარაკოთ. - ისე რომ სოცდაზღვევა გადავარჩინოთ და ჩვენმა შვილებმაც გარკვევით იცოდნენ, რომ საპენსიო პროგრამები მათაც ექნებათ“.
იუტას შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯონ ჰანთსმენი, რომელიც საკუთარ პოზიციას შედარებით ზომიერს უწოდებს, პერის ეთანხმება და აცხადებს, რომ საპენსიო პროგრამების გაუქმების საკითხი მომავალი წლის არჩევნებზე რესპუბლიკელთა ერთგულ ამომრჩეველს დააფრთხობს. „ამერიკელები ჩვენგან გამოსავლის მოძებნას ელიან და თუ ჩვენ პრობლემის მოგვარებისთვის ერთიანად არ ვიბრძოლებთ, პარტია 2012 წელს დამარცხდება“- ამბობს ის.
წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნიუტ გინგრიჩი, შეეცადა აქცენტი რესპუბლიკელი კანდიდატებიდან თეთრი სახლის ახლანდელ ბინადარზე- პრეზიდენტ ობამაზე- გადაეტანა.
“მე არ მაწუხებს გუბერნატორ პერის და გუბერნატორ რომნის მიერ ელექტორატის დაშინება, მაშინ როცა პრეზიდენტი ობამა ამას ყოველდღიურად აკეთებს“.
დანარჩენ კანდიდატებს შორის იყვნენ: მინესოტის წარმომადგენელი მიშელ ბაქმანი, ტეხასის წარმომადგენელი რონ პოლი, პენსილვანიის ყოფილი სენატორი რიკ სანტორუმი და ჯორჯიელი ბიზნესმენი ჰერმან კეინი.
უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით რიკ პერი რესპუბლიკელ კანდიდატთა სიას 32-პროცენტიანი მაჩვენებლით ლიდერობს. 21 პროცენტით მეორე ადგილზეა მიტ რომნი. რეიტინგში რონ პოლი 13 პროცენტით მესამე ადგილს იკავებს. მეოთხე ადგილს კი 7-7 პროცენტით ნიუტ გინგრიჩი და მიშელ ბაქმანი იყოფენ.
ორშაბათის დებატები ტელეარხის „სიენენი“ და „ჩაის სმის მოძრაობის“ ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო. დებატები ფლორიდის ქალაქ ტამპაში გაიმართა, რომელიც მომავალ წელს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას უმასპინძლებს.