სპეცდანიშნულების რაზმები და პოლიცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებითა და წყლის ჭავლით შლის რუსთაველის გამზირზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ მოწყობილ აქციას - "რადიო თავისუფლების" პირდაპირი ტრანსლაციისას ჩანს ისიც, როგორ აკავებენ დემონსტრანტებს.
თავისუფლების მოედანზე დაახლოებით 23:30 წუთზე გამოჩნდნენ სპეცდანიშნულების რაზმები. მათ რამდენიმე წუთში დაიწყეს სვლა პარლამენტის შენობისკენ. მოქალაქეებმა თავი შეაფარეს ეროვნულ გალერეას და ასევე ქაშვეთის ეკლესიას. დემონსტრანტების ნაწილმა მეტროს მიაშურა, სადაც, რამდენიმე წყაროს ცნობით, ასევე შეაგდეს ცრემლსადენი აირის გამშვები ბალონი.
თავისუფლების მოედანზე რობოკოპების გამოჩენამდე სპეცდანიშნულების რაზმები მთავრობის კანცელარიის უკანა ეზოდან ჩამოვიდნენ ჩიტაძის ქუჩაზე. მათ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მანქანების გარდა, დღეს, 7 მარტისგან განსხვავებით, ჰქონდათ რეზინის ტყვიების სასროლად საჭირო იარაღიც.
ღამის 00:09 წუთის მდგომარეობით, თავისუფლების მოედნიდან დაძრული სპეცრაზმი მისულია პირველი გიმნაზიის შენობამდე. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაშვებული ცრემლსადენი გაზი იყო უჩვეულოდ დიდი რაოდენობის.
Facebook Forum