ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის წინ


გაეროს გენერალური ასამბლეის წინ
გაეროს გენერალური ასამბლეის წინ

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონს არ სჯერა, რომ უსაფრთხო პალესტინური სახელმწიფოს შექმნა შესაძლებელი იქნება გაეროში კენჭისყრის შედეგად. ვიქტორია ნულანდმა ამის შესახებ გუშინ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი შეხედულებით არც უშიშროების საბჭოს და არც გენერალურ ასამბლეას არ შეუძლიათ იმ შედეგის მიღება რასაც პალესტინელები ცდილობენ, რომელიც გულისხმობს სტაბილური, უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნას და მშვიდობიანად ცხოვრებას. ამის მიღწევა მათ მოლაპარაკების შედეგად შეუძლიათ. ეს არის უსწრაფესი და საუკეთესო გზა,“ - განაცხადა ნულანდმა.

ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად კი გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე წევრის თანხმობაა საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ვეტოს დაადებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნის წინადადებას, თუკი ის კენჭისყრაზე დადგება. დიპლომატებმა პალესტინის სახემწიფოებრიობის საკითხი გუშინ ქაიროში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ქემელ ამრს შეხვდა. ეშტონის თქმით, ევროკავშირს ჯერ არ ჩამოუყალიბებია თავისი პოზიცია გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის, როგორც არა-წევრი ქვეყნის სტატუსის საკითხის შესახებ. ამის დამტკიცებას კი ხმების ორი მესამედი სჭირდება.

„ჯერჯერობით, არანაირი რეზოლუცია არ არის. ამდენად პოზიციაც არ არსებობს. ერთი, რაზეც ევროკავშირში ჩამოყალიბებული ვართ, ეს არის მოლაპარაკების გაგრძელება. ჩვენ გვსურს ვიხილოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ გვინდა, რომ პალესტინელმა და ებრაელმა ხალხმა გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფთხოდ იცხოვრონ,“ - განაცხადა ეშტონმა.

არაბული ქვეყნების ლიგის გენერალური მდივნის ნაბილ ელარაბის განცხადებით, კი არაბულ ლიგას სურს რომ პალესტინა ყველა ქვეყანამ აღიაროს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი კი, ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებას ემხრობა. თუმცა, მისივე თქმით, დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს ისრაელის გვერდით შექმნა, უკვე დროში გაწელილი საკითხია. ამიტომ ის მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ვიქტორია ნულანდიც აცხადებს, რომ ამერიკელის დიპლომატები ისრაელელ და პალესტინელ კოლეგებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ, ვიდრე მომავალ კვირას ამ საკითხზე გენერალური ასამბლეა იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG