ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელებს გაეროს წევრობა სურთ


პალესტინელებს გაეროს წევრობა სურთ
პალესტინელებს გაეროს წევრობა სურთ

პალესტინელებმა ახალი სტრატეგია აირჩიეს საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად, მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ისრაელთან მიმდინარე მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.

პალესტინელები გაეროში სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ მოთხოვნით უახლოეს დღეებში წარსდგებიან. ისრაელი ამის კატეგორიული წინააღმდეგია. მას მხარს უჭერს შეერთებული შტატები, რომელსაც მიაჩნია რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება მხოლოდ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მოხდეს.

როგორც ცნობილი პალესტინელი პოლიტიკოსი ჰანა აშრავი აცხადებს პალესტინელები დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებენ. მისი თქმით:“ ჩვენ არ გვჭირდება ისრაელისგან ნებართვის აღება. თვითგამორკვევის უფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება გაეროს სპეციალური რეზოლუციებით და საერთაშორისო სამართლით არის გარანტირებული. ჩვენ გაეროს წესდების ყველა მუხლს ვაკმაყოფილებთ.“

გაეროში სახელმწიფოს აღიარების სპეციალური მექანიზმი მოქმედებს. რეზოლუცია გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს და გენერალურ ასამბლეას გადაუგზავნოს, სადაც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა აღნიშნული რეზოლუცია ხმათა ორი მესამედით უნდა დაამტკიცონ.

შეერთებული შტატები წინასწარ აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფოსთან დაკავშირებით რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს დაადებს. ამ შემთხვევაში პალესტინელები გაეროში დამკვირვებლის სტატუსის მიღწევას შეეცდებიან, რაც მათ საშუალებას მისცემს გაეროს კომიტეტების მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტის გრემ ბანერმანის განცხადებით ეს პალესტინელებს ისრაელთან მოლაპარაკებების დროს გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს.

მისი თქმით:“ არავის არ სჯერა, რომ ისრაელთან შეთანხმების გარეშე მოხდება პალესტინური სახელმწიფოს აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ.“

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადების თანახმად მშვიდობა მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგადაა შესაძლებელი. მისი თქმით ისრაელი მომავალშიც გააგრძელებს პალესტინელებთან მოლაპარაკებებს:“ როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და გაეროში სიტუაცია დალაგდება იმედი მაქვს, რომ პალესტინელები გონს მოეგებიან და ამგვარი მოქმედებისგან თავს შეიკავებენ.“

გაეროში პალესტინელთა წარმომადგენლის მაინ არეიკატის განცხადებით:“ ჩვენთვის ეს ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ შეიძლება ვაჭრობის საგანი გახდეს, არა აქვს მნიშვნელობა რა შედეგები მოჰყვება ამ ნაბიჯს.“

2010 წელს შეერთებულმა შტატებმა პალესტინას 500 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა. პალესტინელთა ეს გადაწყვეტილება მათ ურთიერთობასაც დაემუქრება, მაგრამ პალესტინის ლიდერის მაჰმუდ აბასის განცხადებით დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს.

XS
SM
MD
LG