ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორბანი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპი მშვიდობის შუამავალი იქნება


ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს წერს, რომ თუ დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდება ის, რუსეთ-უკრაინის ომში მშვიდობის შუამავალი იქნება. წერილში ორბანი აღნიშნავს, რომ ტრამპი ამ ფუნქციის შესრულებას „დაუყონებლივ“ დაიწყებს.

ორბანის წერილის მთავარი ადრესატი ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია, თუმცა წერილი ევროკავშირის ყველა ლიდერმა მიიღო. წერილის გავრცელებამდე, ვიქტორ ორბანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს პირადად შეხვდა.

„შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე, ის არ დაელოდება თავის ინაუგურაციას და მზად იქნება დაუყონებლივ იმოქმედოს მშვიდობის შუამავლის როლში. მას ამის დეტალური და დასაბუთებული გეგმები აქვს“,- წერს ორბანი წერილში, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს.

პირველი ივლისიდან, უნგრეთმა ევროკავშირის თავმჯდომარის სტატუსი მიიღო. თავისი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში ის უკვე იმყოფებოდა კიევში, მოსკოვში და პეკინში. ორბანი ამბობს, რომ მისი მიზანი ევროპის კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველყოფაა. ორბანის მოსკოვში ვიზიტს ევროკავშირის ლიდერებისგან კრიტიკა მოჰყვა, მათ თქვეს, რომ ორბანს მოსკოვთან საუბრისას ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მანდატი არ ჰქონდა, თუმცა ორბანი ფიქრობს, რომ მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ორბანის რუსეთში ვიზიტს და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას ევროკომისიის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოჰყვა. ევროკომისია ევროკომისრებს უკრძალავს დაესწრონ შეხვედრებს, რომელიც უნგრეთში გაიმართება.

ამის პარალელურად ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გეგმავს უნგრეთში მინისტრების ნაცვლად მხოლოდ საჯარო მოხელეები გაგზავნონ, პარალელურად ევროპარლამენტი ცდილობს უნგრეთს ხმის უფლება ჩამოერთვას.

ვიქტორ ორბანი, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, წინააღმდეგობაშია ერთიანი დასავლეთის გადაწყვეტილებებთან. ორბანი მხარს არ უჭერს რუსეთისთვის ეკონომიკური და ფინანსური სანქციების დაწესებას და ეწინააღმდეგება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG