ორშაბათს რესპუბლიკური პარტიის კონვენცია დაიწყო - ყოფილი პრეზიდენტი, ამ კვირაში, ამ შეკრებისას ოფიციალურად უნდა დაასახელონ პარტიის პრეზიდენტობის ნომინანტად. შაბათს გამართული შეხვედრისას ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმის თაობაზე კი კვლავ ბევრი კითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ფედერალური საგამოძიებო და სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ.
უმთავრესი აქცენტი მილუაკიში, უისკონსინის შტატში, უსაფრთხოებაზეა. თუმცა, ფედერალური სამსახურების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უსაფრთხოების ზომები უკვე ისედაც ძალიან მკაცრია.
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ამ ღონისძიებისთვის მიღებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ზომებში. არ ველოდებით რაიმე ცვლილებას", - თქვა ოდრი ჯიბსონ-ციჩინომ, საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც კონვენციის დაცვის კოორდინირებაზეა პასუხისმგებელი.
დონალდ ტრამპმა გამოცემა Washington Examiner-ს უთხრა, რომ ხუთშაბათს მისი გამოსვლა "მართლაც მკაცრი" იქნება და მისი ფოკუსი პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკაზე იქნება, თუმცა ახლა ის ეროვნული ერთობის თაობაზე მოწოდებებსაც გააკეთებს.
"ესაა შანსი გავაერთიანოთ მთელი ქვეყანა, შესაძლოა მთელი მსოფლიოც კი. ჩემი გამოსვლა, მიმართვა, ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ორი დღის წინ იქნებოდა", - უთხრა ტრამპმა გამოცემას.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი თქვა, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმა "ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რისიც ამერიკელებს სჯერათ. ეს არაა ის, როგორი ერიც ვართ. ეს არაა ამერიკული. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ". მან პირობა დადო, რომ საიდუმლო სამსახური, რომელიც მოქმედი თუ ყოფილი ოფიციალური პირების უსაფრთხოებას იცავს, დონალდ ტრამპს ყველა იმ რესურსს და შესაძლებლობას მისცემს, რაც უსაფრთხოების შესაქმნელადაა საჭირო. იმისთვის, რომ მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი უსაფრთხოება.
"მე ვაპირებ განვაგრძო მტკიცე საუბარი ჩვენი დემოკრატიისთვის, კონსტიტუციის და კანონის უზენაესობის დასაცავად. საარჩევნო ურნასთან მოქმედებისკენ მოწოდებით და არა ქუჩებში ძალადობით. ასე უნდა მუშაობდეს დემოკრატია", - თქვა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, ის 20 წლის თომას მეთიუ ქრუქსია, პენსილვანიის მცხოვრები. სამართალდამცავები ამბობენ, რომ ის ექსპრეზიდენტის შეხვედრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახურავზე ავიდა და იქიდან ისროლა. თუმცა, მისი მოტივის შესახებ არაფერია ცნობილი.
რაც ამ დროისთვისაა ცნობილი, მან რამდენჯერმე გაისროლა და დონალდ ტრამპი მარჯვენა ყურთან დაჭრა. მოკლა დემონსტრაციაზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე და მძიმედ დაჭრა კიდევ ორი. ამის შემდეგ, საიდუმლო სამსახურმა ეჭვმიტანილი მოკლა. მის ცხედართან ახლოს AR-15 ტიპის შაშხანა იპოვეს. ქრუქსი, რომელმაც სკოლა 2 წლის წინ დაამთავრა, სოციალური მომსახურების სფეროში, ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში დამხმარედ მუშაობდა. ის 17 წლიდან რესპუბლიკელ ამომრჩევლად იყო რეგისტრირებული. თუმცა, ერთხელ, დემოკრატიული პარტიისთვის $15 ჰქონდა შეწირული.