ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ ტრამპს ტყვიამ ყური გაუხვრიტა, თავდამსხმელი მოკლულია


დღეს, 13 ივლისს, პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს სროლის შემდეგ, შეერთებულ შტატებში მომხდარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობად იძიებენ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, რესპუბლიკური პარტიის წამყვანმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სოციალური მედიაში მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს.

„მსურს მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურს და ყველა სამართალდამცავს სროლაზე სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ახლა, პენსილვანიის შტატის ბატლერში მოხდა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა მივუსამძიმრო შეხვედრაზე მყოფი მოკლული პირის ოჯახს და ასევე სხვა პირის ოჯახს, რომელიც მძიმედ დაშავდა. დაუჯერებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს.

ამ დროისთვის მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა მოკლულია, არაფერია ცნობილი. მე მომხვდა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არასწორი ხდებოდა, რადგან ზუზუნის ხმა, გასროლები გავიგონე და მაშინვე ვიგრძენი, რომ ტყვია კანში გადიოდა. ბევრი სისხლდენა მქონდა და მაშინ გავიაზრე თუ რა ხდებოდა. ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

„13 ივლისს საღამოს, დაახლოებით 18:15, პენსილვანიის ბატლერში ყოფილ პრეზიდენტ ტრამპის (საარჩევნო) საკამპანიო შეხვედრის დროს, ეჭვმიტანილმა მსროლელმა შეხვედრის ადგილის გარედან, შემაღლებული პოზიციიდან, სცენის მიმართულებით მრავალჯერადი გასროლა მოახდინა.

შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის პერსონალმა მსროლელი გაანეიტრალა, რომელიც ახლა მკვდარია. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დამცავი ზომებით სწრაფი რეაგირება მოახდინა, ყოფილი პრეზიდენტი უსაფრთხოდაა და მისი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ერთი დამსწრე დაიღუპა, ორი კრიტიკულად დაშავდა. ინციდენტზე ამჟამად გამოძიება მიმდინარებს და საიდუმლო სამსახურმა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფორმალური შეტყობინება გაუგზავნა“.

დელავერის შტატის რეობოტ ბიჩში მყოფმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მომხდარის შემდეგ ამერიკელებს მიმართა და თქვა, რომ ტრამპთან ტელეფონით საუბარს აპირებს. მომხდარზე კი განაცხადა, რომ ამერიკაში ასეთი ძალადობის ადგილი არ არის. „ეს დამთრგუნველია. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქვეყანა გავაერთიანეთ. არ შეგვიძლია დავუშვათ რომ ეს ხდებოდეს. არ შეგვიძლია ასეთი ვიყოთ. არ შეგვიძლია ეს მივუტევოთ“, თქვა ბაიდენმა.

სროლა ტრამპის სიტყვის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში გაისმა. საიდუმლო სამსახურის აგენტები მის გარშემო შეჯგუფდნენ პრეზიდენტის დასაფარად. ვიდეოში ტრამპის სახის მარჯვენა მხარეს და ყურზე სისხლის კვალი ჩანს.

იმ დროს, როდესაც დაცვის აგენტებს ადგილიდან გაჰყავდათ, ტრამპმა მუშტი რამდენჯერმე ზემოთ ასწია მხარდამჭერების გასამხნევებლად.

წამყვანმა რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა სწრაფად დაგმეს ძალადობა. განცხადებები გაკეთდა ამერიკის კონგრესში.

„პოლიტიკური ძალადობის ამ შემზარავ აქტს მშვიდობიანი კამპანიის აქციაზე ადგილი არ აქვს ამ ქვეყანაში და ის უნდა იყოს ერთხმად და მტკიცედ დაგმობილი“, - თქვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სოციალურ მედიაში

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ შეძრწუნებული იყო მომხდარით და შვებით ამოისუნთქა, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა. „პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG