ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპის საარჩევნო შეხვედრაზე სროლა მოხდა


შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადეს, რომ მრავალჯერადი გასროლის შემდეგ, რომელიც რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გაისმა, დონალდ ტრამპი უსაფრთხოდ იმყოფება. ვიდეოზე ჩანს, რომ სროლის შემდეგ ტრამპის სახის გამომეტყველების იცვლება და ყოფილ პრეზიდენტს მარჯვენა ხელის ყურთან მიაქვს.

სროლა ტრამპის სიტყვის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში ატყდა. საიდუმლო სამსახურის აგენტები მის გარშემო შეჯგუფდნენ პრეზიდენტის დასაფარად. ვიდეოში ტრამპის სახის მარჯვენა მხარეს და ყურზე სისხლის კვალი ჩანს.

იმ დროს, როდესაც დაცვის აგენტებს ადგილიდან გაჰყავდათ, ტრამპმა მუშტი რამდენჯერმე ზემოთ ასწია მხარდამჭერების გასამხნევებლად.

„სი ენ ენი“ იუწყებოდა, რომ ტრამპი დაშავდა, თუმცა სხვა დეტალები არ მოუყვანია. ამ დროისთვის ნათელი არ არის თუ რა დაუშავდა, ან როგორ დაშავდა.

ტრამპის კამპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი კარგადაა.

"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდის სამართალდამცავებს და პირველად დახმარების აღმომჩენებს, ამ საზარელი აქტის დროს სწრაფი მოქმედებისთვის. ის კარგად არის და გადის შემოწმებას ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში. დამატებითი დეტალები მოგვიანებით", - თქვა ტრამპის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა განცხადებაში.

რონ მუსმა, ტრამპის მხარდამჭერმა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, ქაოსი შემდეგნაირად აღწერა: "მე გავიგე დაახლოებით ოთხი გასროლა და დავინახე, რომ ხალხის ჯგუფი მიწაზე დაეშვა და შემდეგ ტრამპი ასევე სწრაფად ჩაიმუხლა. შემდეგ საიდუმლო სამსახურიდან ყველა მას შემოევლო და იცავდნენ მას", - თქვა მან.

მუსმა თქვა, რომ შემდეგ დაინახა მამაკაცი, რომელიც გარბოდა და მას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ოფიცრები მისდევდნენ. მისი თქმით, მან გაიგო დამატებითი სროლები, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, ვინ გაისროლა. მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სნაიპერები სცენის უკან საწყობის სახურავზე იმყოფებოდნენ.

ეჭვმიტანილი მსროლელი გარდაცვლილია, ისევე როგორც აუდიტორიის ერთი წევრი და კიდევ ერთი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, წერს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი სოციალურ მედიაში, ბატლერის ოლქის პროკურორზე დაყრდნობით. თუმცა დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება. მსროლელის ვინაობა და მოტივი უცნობია.

მომხდარის შესახებ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ნოემბერში არჩევნებზე უპირისპირდება განაცხადა, ”ამგვარი ძალადობის ადგილი ამერიკაში არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დაგმოთ ის".

წამყვანმა რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა სწრაფად დაგმეს ძალადობა. განცხადებები გაკეთდა ამერიკის კონგრესში. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ბაიდენი ამერიკელებს ცოტა ხანში მიმართავს.

„პოლიტიკური ძალადობის ამ შემზარავ აქტს მშვიდობიანი კამპანიის აქციაზე ადგილი არ აქვს ამ ქვეყანაში და ის უნდა იყოს ერთხმად და მტკიცედ დაგმობილი“, - თქვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სოციალურ მედიაში

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ შეძრწუნებული იყო მომხდარით და შვებით ამოისუნთქა, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა. „პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG