ისრაელის განცხადებით, „ჰამასზე“ წნეხის გასაძლიერებლად, ღაზის სექტორის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებს დაარტყა. ეს მოჰყვა გასულ უქმეებზე განხორციელებულ დარტყმებს, რომლის სამიზნეც, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელობა იყო და გავრცელებული ცნობით, იმსხვერპლა პალესტინელები, რომლებიც გამოყოფილ „უსაფრთხო ზონაში“ იმყოფებოდნენ.
ისრაელის დარტყმიდან ორი დღის შემდეგ, რომელმაც მავასის რაიონი გადამწვარ ნანგრევებად აქცია, გადარჩენილმა იძულებით ადგილნაცვალმა ადამიანებმა თქვეს, რომ წარმოდგენა არ აქვთ ახლა სად უნდა წავიდნენ.
მავასი ქალაქ ხანის იუნისის დასავლეთი გარეუბანია, სადაც ასობით ათასი პალესტინელი აფარებდა თავს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ის უსაფრთხო ზონად გამოაცხადა. ისრაელმა განაცხადა, რომ შაბათის თავდასხმის სამიზნე „ჰამასის“ სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი იყო, რომელმაც დაგეგმა, 7 ოქტომბერს, ისრაელის ქალაქებზე და სოფლებზე თავდასხმა, რაც ღაზის ომის დაწყების მიზეზი გახდა.
"ჰამასის" მიერ მართული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ცნობით, შაბათის თავდასხმის დროს, სულ ცოტა, 90 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.
ისრაელის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ საჰაერო ძალებმა ღაზის ტერიტორიაზე ათობით სამხედრო სამიზნეს დაარტყა. ასევე თქვა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა, რაფაში და ცენტრალურ ღაზაში გამართულ ბრძოლებში შეიარაღებული პირები გაანადგურეს.