ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლორიდელმა მოსამართლემ ტრამპის წინააღდეგ საიდუმლო დოკუმენტების საქმე გააუქმა


ფედერალურმა მოსამართლემ, რომელიც ფლორიდაში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების საქმეს ხელმძღვანელობდა, ორშაბათს დაასრულა სამართლებრივი დევნა და მხარი დაუჭირა დაცვის ადვოკატებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ სპეციალური პროკურორი, რომელმაც ბრალდება წარუდგინა ყოფილ პრეზიდენტს, იუსტიციის დეპარტამენტის მიერ კანონდარღვევით იყო დანიშნული.

საოლქო მოსამართლის, ეილი კენონის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს და მოგვიანებით შეიძლება ზემდგომმა სასამართლომ გააუქმოს, მოულოდნელია. ეს საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე დიდი ხანია შეჩერებულია და ნოემბრის არჩევნებამდე სასამართლო პროცესის პერსპექტივა არარეალური სცენარი იყო, მიმომხილველველები მიიჩნევენ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება ტრამპის ლეგალური გამარჯვებაა. ტრამპი, მას შემდეგ, რაც შაბათს მკვლელობის მცდელობას გადაურჩა, ახლა რესპუბლიკური პარტიის კონვენციაზე, საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასასახელებისთვის ემზადება. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა უისკონსინის შტატის ქალაქს მილუოკიში იმართება.

ეს არის უახლესი წარმატება იმ ოთხი სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ტრამპის მიმართ არის აღძრული. ის მაისში გაასამართლეს ნიუ-იორკში პორნოვარსკვლავისთვის ფულის გადახდის საქმეზე. განაჩენი ამ საქმეზე უზენაესი სასამართლოს დასკვნის შემდეგ გადაიდო, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტებს ფართო იმუნიტეტი მიანიჭა.

ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შეფერხება მოჰყვება სმითის მიერ წამოყენებული კიდევ ერთი საქმის განხილვაში, რომელიც ტრამპს ბრალს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში სდებს. არჩევნების ხელისშეშლასთან დაკავშირებული, ატლანტაში პროკურორების მიერ წარდგენილი კიდევ ერთი საქმე, ოლქის პროკურორსა და სპეციალურ პროკურორს შორის რომანტიკული ურთიერთობის გამოვლენის გამო გადაიდო.

თავის სოციალური მედიის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება „უბრალოდ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს“ და რომ სამი სხვა საქმეები, რომელსაც მან „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა, ასევე დაიხუროს.

საქმე შეეხება თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, 2021 წელს საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას. საბრალდებო დასკვნა მოიცავდა ათობით დანაშაულს. მათ შორის, ამ დოკუმენტების დასაბრუნებლად, გამოძიების ფედერალური ბიუროს მცდელობებში ხელის შეშლას. ტრამპი თავს უდანაშაულოდ ცნობდა და დანაშაულს უარყოფდა.

საქმესთან დაკავშირებით, დაცვის ადვოკატებმა მრავალი სარჩელი შეიტანეს, მათ შორის, იურიდიული და ტექნიკური კუთხით. დაცვა ამტკიცებდა, რომ სპეციალური გამომძიებელი ჯეკ სმიტი უკანონოდ იყო დასახელებული თანამდებობაზე, კონსტიტუციის დანიშვნების პუნქტის შესაბამისად, რადგან ის დაინიშნა გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის მიერ და არ იყო დადასტურებულიყო კონგრესის მიერ. და რომ მისი ოფისი არასწორად იყო დაფინანსებული იუსტიციის დეპარტამენტის მიერ.

„სპეციალური პროკურორის პოზიცია ფაქტობრივად უზღუდავს ამ მნიშვნელოვან საკანონმდებლო უფლებამოსილებას, გადასცემს მას დეპარტამენტის უფროსს და ამ პროცესში საფრთხეს უქმნის სტრუქტურულ თავისუფლებას, რომელიც თან ახლავს ხელისუფლების დანაწილებას“, - წერს ქენონი 93-გვერდიან გადაწყვეტილებაში, რომელიც აკმაყოფილებს დაცვის მოთხოვნას.

”თუ პოლიტიკურ შტოებს სურთ მიანიჭონ გენერალურ პროკურორს უფლებამოსილება, დანიშნოს სპეციალური გამომძიებელი სმიტი, რათა გამოიძიოს და აღძრას ეს საქმე შეერთებული შტატების ადვოკატის სრული უფლებამოსილებით, არსებობს მოქმედი მექანიზმები, რომლითაც ეს ხდება“, - დასძინა მან.

მისი თქმით, ეს მექანიზმი არის კონგრესის მიერ დამტკიცების გზა.

მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, ყოფილი პრეზიდენტის დანიშნულია და ამან გამოიწვია დებატები მისი მიკერძოებულობის თაობაზე. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ სხვა სასამართლოებმა, სხვა შემთხვევაში, განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანეს მსგავსი საკითხის დასმის შემთხვევაში, თუმცა ქენონმა ეს არგუმენტად არ მიიღო.

ტრამპის გუნდის პოზიცია გაძლიერდა ამ თვის დასაწყისში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც ფართო იმუნიტეტი მიანიჭა ყოფილ პრეზიდენტებს.

"ასოშიეთიდ პრესის" თქმით, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, სმიტის გუნდის სპიკერმა დაუყოვნებლივ არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას ორშაბათს, ხოლო ტრამპის გუნდს დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია კომენტარი.

XS
SM
MD
LG