ნიუ-იორკში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. შტატმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კორონავირუსით დაღუპულია 1 218 ადამიანი, აქედან ქალაქ ნიუ-იორკში დაიღუპა 950-მდე ადამიანი.
იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებული დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაც და ის 66 497-ს შეადგენს. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის გუბერნატორმა გაახმოვანა.
„66 000-ზე მეტი ადამიანია ნიუ-იორკში დაინფიცირებული. აქედან 80% მკურნალობას სახლში გადის, დაახლოებით, 20 პროცენტი არის საავადმყოფოში მოთავსებული. ამ დრომდე მძიმეა 2 400-მდე ადამიანი, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებულები. დავკარგეთ ასობით ადამიანი. ყველაზე მეტი მძიმე პაციენტი 25 მარტს გვყავდა, შემდეგ მცირედით შემცირდა, ბოლო 24 საათში კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობა 350 გაიზარდა.
სულ ქვეყანაში 148 924 დაასტურებული შემთხვევაა. ნიუ-იორკი პირველ ადგილზეა სამწუხაროდ, შემდეგ არის ნიუ-ჯერსი სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000 გადააჭარბა, კალიფორნიაში ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევები 6 300-მდე გაიზარდა, მიჩიგანში დადასტურებულია 5 472 შემთხვევა," - ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო.
ნიუ-იორკის გუბერნატორი მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ სპეციალისტების რჩევებს და გაითვალისწინონ, რომ საფრთხე დიდია. "ეს არ არის თამაში! მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ყველა რჩევა, რომელსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაწვდიან," - ამბობს კუომო.
ნიუ-იორკის გუბერნატორის თქმით, ახლა არ არის პოლიტიკის დრო, არც შტატში და არც ქვეყანაში.
"ახლა ამის დრო არაა, ჩვენ ვართ ერთიანები, სანამ შტორმი მოვა მანამდე უნდა მოვემზადოთ და ახლა ამას ვაკეთებთ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის ომი და მე მას ვეთანხმები. დიახ, ახლა ომია და ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ, ვიმოქმედოთ დროულად და სწორად რათა ავიცილოთ თავიდან დამატებითი მსხვერპლი," - აცხადებს ნიუ-იორკის გუბერნატორი.
პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სოციალური დისტანცირების წესები ქვეყანაში ერთი თვით გაახანგძლივა.
ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში სამხედრო გემი შევიდა, რომელიც შტატს პანდემიის პიკის დროს დახმარებას გაუწევს. რა მნიშვნელობა აქვს ფედერალური მთავრობის დახმარებას ნიუ-იორკელთათვის, ქალაქის მერი ამერიკის ხმას ექსკლუზიურად ესაუბრა.
Facebook Forum